მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიისას დაწყებული ბიზნესი - "ქუქი ბეიქერი" მალე თბილისში, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის

62847cc808bf3
თათია კაკიაშვილი
18.05.22 20:30
1503
სამმა მეგობარმა ბიზნესის წამოწყება შუა პანდემიისას, 2021 წლის ივლისში გადაწყვიტა - ასე “დაიბადა” “ქუქი ბეიქერი”, რომელიც დღეს თბილისში უკვე ორ ლოკაციაზე - ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე - ყოველდღე 9-დან 22 საათამდე იღებს მომხმარებლებს. ბიზნეს საქმიანობაში მეტ-ნაკლები გამოცდილების მქონე მეგობრების ახალი საქმიანობის მიზანი განსხვავებული ტიპის საკონდიტროს შექმნა იყო, რომლის მთავარი ნიშა ქართულ ბაზარზე პროდუქციის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდება იქნებოდა. დღეს “ქუქი ბეიქერი” უკვე 25 სამუშაო ადგილს ქმნის და წინ დიდი გეგმებიც აქვს.

“ვიცოდით, რომ ეს რთული პერიოდი გადაივლიდა და მალე დასრულდებოდა, ყველაფერი გაჩერებული იყო და თუ ამ პერიოდს სწორად გამოვიყენებდით, სირთულეების დასრულების შემდეგ, სხვებზე ერთი საფეხურით წინ ვიქნებოდით. გვინდოდა, ამ სფეროში ჩვენი სიტყვა გვეთქვა: ეს მდგომარეობს იმაში, რომ ამ მიმართულებით მომსახურების და ხარისხის ძალიან დიდი დანაკლისი იყო და გვინდოდა, ეს შეგვევსო და ყველაფერი ჩვენით გაგვეკეთებინა,“ - განაცხადა “ქუქი ბეიქერის” თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ.

“ქუქი ბეიქერი” მომხმარებელს 54 დასახელების ნამცხვარს და ტკბილეულს, 23 დასახელების პურ-პროდუქტს და 10 სახეობის ყავას სთავაზობს. ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული ნებისმიერი ასაკის სეგმენტზეა გათვლილი. ფილიალებში წარმოდგენილი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. მთავარი, რაც “ქუქი ბეიქერის” პურ-ფუნთუშეულის ნიშად მიიჩნევა ისაა, რომ აქ ყველაფერი ტრადიციული მეთოდით ცხვება, რაც გულისხმობს შემდეგს: იმისთვის, რომ პურმა გემოვნური თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს, ხელით იზილება და არა ავტომატურად და, როგორც ილია გვიყვება, ცომი ბებიების მეთოდით - დაახლოებით ოთხ საათამდე ყოვნდება. რაც შეეხება ნამცხვრებს და სხვა ტკბილეულს, მათ მოსამზადებლად თითოეული ინგრედიენტი ხელით მუშავდება და არა სპეციალური აღჭურვილობებით, რადგან “ქუქი ბეიქერის” დამფუძნებლის თქმით, ასე პროდუქცია გაცილებით უფრო გემრიელი გამოდის.

„ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ქუქისებს, ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურებს და, ასევე, გვაქვს ყავა. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი კონცეფცია. ნედლეულის ნაწილი საქართველოდანაა, ხოლო ნაწილი - საფრანგეთიდან ჩამოგვაქვს,“ - განაცხადა გეფერიძემ.

“ქუქი ბეიქერი” თიბისი სტარტაპის ხელშეწყობით გაიხსნა. თითოეული დანადგარის შეძენა, მიმდინარე ხარჯების დაფინანსება და მარკეტინგული კამპანიების წარმოება “ქუქი ბეიქერის” დამფუძნებლებმა სწორედ თიბისი სტარტაპის დახმარებით შეძლეს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტის განხორციელებაში „თიბისი სტარტაპმა“ უდიდესი როლი შეასრულა. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რათა მათ საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. აღარაფერს ვამბობ იმ სიკეთეზე, რაც ახალ სტარტაპებს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მოაქვს,“ - ამბობს ილია გეფერიძე.

ტკბილეულის და განსხვავებული პურ-ფუნთუშეულის შეძენა მიწოდების სერვისითაც შესაძლებელია. სამომავლო გეგმები დიდია - მალე მომხმარებელი “ქუქი ბეიქერის” ახალ ფილიალს თბილისის მორიგ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი - რეგიონებშიც მიიღებს, განვითარებისთვის კი “ქუქი ბეიქერს”, როგორც საცხობის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, მეტი ინვესტიცია სჭირდება.