მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარგებელი ჰოლდინგის“ ექსპორტი 14%-ით შემცირდა

5f280e7aaa52b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.20 21:00
1238
„მარგებელი ჰოლდინგის“ იანვარ-ივლისის ჯამური ექსპორტი 14%-ით შემცირდა, - ამის შესახებ BM.GE-ის ჰოლდინგში განუცხადეს. "მარგებელი ჰოლდინგი" როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე მინერალური, მტკნარი წყლების, ენერგეტიკული სასმელებისა და წვენების წარმოებებს აერთიანებს, რომელიც ექსპორტზე 22 ქვეყანაში გადის.

„გლობალური სიტუაცია და მსოფლიო პანდემია ცხადია, გარკვეულწილად აფერხებს კომპანიის გეგმებს. მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ჰოლდინგის ჯამური ექსპორტი შემცირდა 14%-ით“, - აღნიშნავენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ ეს მოიცავს იმ პროდუქტების საექსპორტო პორტფელს, რომელსაც ჰოლდინგი აწარმოებს.

მიუხედავად ექსპორტის კლებისა, კომპანიაში ამბობენ, რომ  გაყიდვები მზარდ ტენდენციას აჩვენებს ადგილობრივ ბაზარზე. 

"ლოკალურად მტკნარ წყლებში უფრო მეტად აღინიშნება კლება: 7 თვის მონაცემებით, ქართულ ბაზარზე გაყიდვები 25%-ით შეგვიმცირდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის წევრი კომპანიის „მარნეულის სასურსათე ქარხნის“ გაყიდვების ჭრილში ზრდა გვაქვს. პანდემიის მიუხედავად ენერგეტიკული სასმელის კატეგორიაშიც, "ბუღას" ბრენდთან მიმართებით გვაქვს 30%-იანი ზრდა, ასევე RAUCH-ის ბრენდის ნატურალურ წვენებთან, რომელიც საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში იწარმოება, აღინიშნება დადებითი ტენდენცია - 5%-იანი ზრდით“, - აღნიშნავენ „მარგებელი ჰოლდინგში“.

კომპანიაში წლიური გაყიდვების 10%-იან კლებას ვარაუდობენ და დასძენენ: „მარგებელი ჰოლდინგი“ ორინეტირებულია გრძლევადიან შედეგებზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერ გეგმებს და ზრდის მონაცემებს ვუყურებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება პარტნიორ ქვეყნებთან“.

ცნობისთვის 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 49.4 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით ნაკლებია. ამ პერიოდში ტოპ ექსპორტიორ კომპანიებს შორის არის „წყალი მარგებელი“ რომელიც „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა.

დღეისთვის ჰოლდინგი „ნაბეღლავის“, „ჯეო ნატურას“, „რაუხის“, „ბუღას“ და „მარნეულის ქარხნის“ ბრენდების ქვეშ სხვადასხვა დასახელების პროდუქციას აწარმოებს.