მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ჩახვაშვილი: “თბილისი ენერჯის” კომერციული ტარიფის ზრდაში მონოპოლია ხელს უწყობს

5fd35d0cef808
ლიკა გურაბანიძე
11.12.20 22:26
1283

“გაზის და ელექტროენერგიის კომპანიასაც ფასის ზრდა უნდა შეეძლოს თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ მომხმარებლის დაცვისთვის კონკურენცია და არჩევანის თავისუფლება უნდა არსებობდეს, რაც ფასს დაარეგულირებს", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა “თბილისი ენერჯის” მიერ გასულ კვირას კომერციული გაზის გაზრდილ ტარიფზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჩახვაშვილი განმარტავს, “თბილისი ენერჯი” ბაზარზე მონოპოლისტია, რაც უნდა შეიცვალოს და მომხმარებლებს ალტერნატივის საშუალება უნდა მიეცეთ.

“ყველა კომუნალური მომსახურების გამწევი საკმაოდ დიდი დილემის წინაშე დგას, განსაკუთრებით გაზის კომპანიები, იმიტომ რომ კურსის ცვლილებაზე ძალიან მგრძნობიარეები არიან, ხოლო გაზის შესყიდვა დოლარში ხდება. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილება ყველაზე მოქმედებს, თუმცა ყველა კომპანია თავის ხარჯზე იტანს ამ ცვლილებას.

ამჯერად "თბილისი ენერჯიმ" გადაწყვიტა, რომ ამ ზარალს ვეღარ მოითმენს.

რამდენად იყო ტარიფის ზრდისთვის სათანადო დრო? ვთქვათ, როდის არის სათანადო დრო? ალბათ არასდროს.

ის ფაქტი, რომ "თბილისი ენერჯის კომერციული ტარიფის გაზრდა შეუძლია და ვერავინ შეეწინააღმდეგება, ამაში მონოპოლიაც ხელს უწყობს.

ევროპული რეგულაციები, რომლის შემოღებაც გვინდა და ეს დღე დადგება, მსგავსი ქმედებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. შემდეგ ალტერნატივა ნებისმიერ კომერციულ თუ არაკომერციულ სუბიექტს ექნება, რაც კონკურენციას გააჩენს", - აღნიშნა ჩახვაშვილმა.

ცნობისთვის, “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.