მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი: ამ ეტაპზე საკარანტინე ზონად 72 სასტუმროს ვიყენებთ

5e81e63ed8403
ნინი ლონგურაშვილი
30.03.20 16:28
1058
საკარანტინე სივრცეებში 4 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. როგორც “საქმიანი დილის” ეთერში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ოფიციალური პარტნიორობა და თანამშრომლობა 72 სასტუმრონ შედგა, შესაბამისად, ეს სასტუმროები ახლა საკარანტინე რეჟიმში ფუნქციონირებენ.

„მოგეხსენებათ, საკარანტინე სივრცეები საკმაოდ კომპლექსური პროექტია. იცით, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, დაუყოვნებლივ ეხება 14-დღიანი კარანტინი. ეს ნიშნავს იმას, რომ აეროპორტიდან თუ ნებისმიერი სახმელეთო საზღვრიდან, ჩვენ გვევალება მუდმივად მობილიზებული გვყავდეს ტრანსპორტი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით უზრუნველყოფთ ადამიანების ტრანსპორტირებას შესაბამის სივრცეებში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ საკარანტინე ზონებში მოქალაქეებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან.

“სიმაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთისთვის ჩვენ ვმასპინძლობთ 4 800-ზე მეტ ადამიანს კარანტინში და მოხარული ვარ, რომ ყოველდღიურად ვკითხულობთ ამ ადამიანების პოზიტიურ შეფასებებს, თუ რა კარგ პირობებში იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის ოფიციალური პარტნიორობა და თანამშრომლბა გვაქვს 72 სასტუმროსთან, რაც გულისხმობს საკმაოდ დიდ რაოდენობით ოთახებს. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის დავალებით ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი რაოდენობრივი შესაძლებლობები ოთახების კუთხით მუდმივად გვქონდეს მობილიზებული და მუდმივად ვზრდით მარაგებს. აქედან გამომდინარე, მზად ვართ ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ ნაკადს საკარანტინე სივრცეებში. ჩვენი თანამშრომლობა კერძო ბიზნესთან აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავიდა და COVID 19-თან ბრძოლაში ტურიზმის ინდუსტრიამ ყველაზე მეტად გამოიჩინა სულგრძელობა, რაც ნამდვილად გამოიღებს იმ შედეგს, რაც იქნება უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
 
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებში ზედამხედველობას, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ამისთვის ბევრი უწყება მუშაობს.

„ყველა შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს ადგილზე საკუთარი მიმართულებით კურირებას. ყველა ტერიტორიასა და ობიექტზე სახელმწიფო დაცვის პოლიცია იმყოფება, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც - გარე, ისე შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოებას. ადგილზე, ყოველ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფენ პირდაპირ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომლებიც იზოლაციაში არიან. გარდა იმისა, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ იქ მიმდინარე პროცესებს, ადმინისტრაციიდან ყოველთვის არის ერთი კოორდინატორი აღნიშნულ 72 სასტუმროსთან”, - აღნიშნა “საქმიანი დილის” ეთერში მარიამ ქვრივიშვილმა.