10.სექტემბერი .2020 11:24

მარინა ეზუგბაია: ინფიცირების მატება შიდა ტურიზმს უკავშირდება

views 321
უკან

მთავარია ასეულობით შემთხვევა არ დაგვემატოს, ამას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ექიმი ამბობს, რომ შემთხვევების არსებული მატება შიდა ტურიზმს უკავშირდება და ახლა მთავარია, სიტუაცია შეკავდეს.

„ეს არ არის მეორე ტალღა. მეორე ტალღა იქნება მაშინ, როცა იქნება ზამთრის სეზონი და მწვავე რესპირატორული სინდრომი, გრიპის ვირუსი დაემატება კორონავირუსს. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან. საქართველოს მოქალაქეები დადიოდნენ ქვეყნის მასშტაბით და ამიტომ მოხდა ეს. ათეულობით შემთხვევის მატება ჩვენს სამედიცინო სექტორს არ დააწვება.

ამას სამედიცინო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება; მთავარია, ასეულობით შემთხვევა არ დაგვემატოს. ახლა გვჭირდება არსებული ვითარების შეკავება. ვინაიდან ასეთი გავრცელება გვაქვს, ეს დაავადების უფრო მეტად გავრცელების მანიშნებელია და თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და საზოგადოებას რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

ეზუგბაია ამბობს, რომ მატება იქნება, თუ რეგულაციებს არ შევასრულებთ.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.