მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტების დახლებზე ქართული პროდუქტისთვის ადგილი არ არის - “ხილარი”

62172a923b6d2
მარიამ იზორია
15.03.22 09:00
1898
ნატურალური წვენების მწარმოებელი ქართული კომპანიის “ხილარის” დირექტორი თაზო კაკუშაძე bm.ge-სთან იმ დაბრკოლებებზე საუბრობს, რაც ქართულ პროდუქტებს ქსელურ მარკეტებში შესვლისას ხვდებათ. მისი თქმით, მცირე ზომის კომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრებზე შესვლა და იქ ნდობის მოპოვება ბევრად მარტივია, ვიდრე - ადგილობრივ ბაზარზე.

"ქსელურ მარკეტებში სრული დაფარვა არ გვაქვს, რადგან ბიუროკრატიას დიდი რესურსი მიაქვს. “ხილარის” წვენები ამ სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა საქართველოში პროდუქტის ხარისხი პრიორიტეტი არ არის. პირველი დაბრკოლება შესვლის გადასახადია, რეალიზაციის დროს კი “ქეშბექის” გადასახადი; ამას ემატება მარკეტინგული აქტივობის ხარჯები. ეს ფინანსური დოვლათი სულ რომ გაიღო, გვეუბნებიან, რომ უბრალოდ ადგილი არ არის, რადგან თაროები იმპორტირებული პროდუქტითაა გადავსებული. ამას ხელშეკრულებაც ემატება, სადაც კომპანიის ინტერესებს საერთოდ არ იცავენ. ქართულ პროდუქტს იმპორტირებულზე მაღალი ფასი აქვს, ესეც იმიტომ, რომ ჩვენი საწარმოდან გასულ ნაწარმს ორმაგი ფასნამატი ედება. საბოლოოდ, მარკეტების დახლებზე ქართული პროდუქტისთვის ადგილი არ არის და ამდენად, ჩვენთვის ექსპორტი ბევრად მარტივ პროცედურებთანაა დაკავშირებული”, - ამბობს “ხილარის” დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ხილარი” ისრაელში ექსპორტზე გავიდა. კომპანიამ აღნიშნულ ბაზარზე საწყის ეტაპზე 18 000 ბოთლი გაგზავნა, რასაც, დაახლოებით, 1 კვირაში ამდენივე საექსპორტი მოცულობები დაემატება. კომპანიამ ექსპორტი უკვე განხორციელა კანადაშიც. ამასთან, ხილარის წვენები ჩეხეთში, ყატარსა და აშშ-შიც იყიდებოდა, თუმცა პანდემიის გამო ამერიკისა და ყატარის ბაზრების ჩანაცვლება მოუწიათ.

სამომავლოდ კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის 70% - საერთაშორისო, 30% კი ადგილობრივ ბაზრებზე გაყიდოს.

ცნობისთვის: “ხილარი” ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ხილის გადამმუშავებელი საწარმო გორში მდებარეობს, რომლის წლიური წარმადობა მლნ ლიტრი წვენია.