მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტინგული სააგენტოს შექმნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე იგეგმება

56d69eb6c1cc2
დავით ჯალაღონია
02.03.16 12:01
1645
მარკეტინგული სააგენტოს შექმნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე იგეგმება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც უწყების მიერ 2015 წელს განხორციელებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს შეეხება. დაგეგმილი პროექტების შესახებ მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრა. 

უწყებაში ამ ეტაპზე არ განმარტავენ, ახალი სააგენტოს შექმნა უკვე არსებული კადრების საფუძველზე მოხდება, თუ დამატებით თანამშრომლების აყვანა გახდება საჭირო, ასევე ჯერ-ჯერობით უცნობია სააგენტოს ბიუჯეტი. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დარგობრივი პროგრამების, მათ შორის ჩაის წარმოების, მეცხოველეობის, თხილის წარმოების, მეფუტკრეობის და აკვაკულტურის განვითარების პროგრამებს. ინსტიტუციური განვითარების კუთხით დაგეგმილია ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა", - მოცემულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა თანხვედრაშია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიასთან.

„სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო უნდა იქცეს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს. ამას ემატება საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული შეთანხმება. ყოველივე ეს, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ჰქონდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ანგარიშის წარდგენისას ოთარ დანელიამ სოფლად განვითარების პროგრამაზე და მთის კანონზეც ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. მთის კანონი მოსახლეობის ერთ-ერთი მოტივატორი იქნება და ხელს შეუწყობს ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ძლიერია სოფელი, თუ არის მეტი შემოსავალი, მოსახლეობას აქვს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია. აღნიშნულ ინიციატივას ვიზიარებთ ჩვენც და ევროკავშირიც“, -აღნიშნა მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დადებითად შეაფასეს. ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა დარგების განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამები არარენტაბელურია.