23.აგვისტო .2019 15:55

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

views 340
უკან

"მარნეულის სასურსათო ქარხანამ" თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა. ამის შესახებ "მარნეულის სასურსათო ქარხნის" ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო.

კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო.

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომპანია ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიიდან პასუხების მიღებამდე ქარხანამ დროებით შეაჩერა აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების სურსათიდან 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

პროდუქტები, რომელშიც მათი ცნობით, არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა"
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი
ეს აჯიკა, შპს "ეს"
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა