მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულსა და ბოლნისში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა

5ebd9663bdea1
თამთა ჯიჯავაძე
15.05.20 00:00
2128
„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

პირველ რიგში სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილება.

დადგენილების ცვლილებების მიხედით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით აიკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რაც გულისხმობს:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;

ასევე დადგენილებით, აიკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას,
სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

დადგენილებით აიკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

შეჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის შეიზღუდოს საკუთრების უფლება და გამოყენებულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა/უწყებებმა, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დამხმარე ფუნქცია.

დადგენილება 2020 წლის 18 მაისიდან ამოქმედდება.