მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარშალ გელოვანზე, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ესტაკადების მოწყობაზე 31-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

5ea1a9e26d4f2
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.20 21:10
3707
თბილისის მერიამ გამოაცხადა 31.3 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომლის შედეგადაც უნდა გამოვლინდეს სამშენებლო კომპანია, რომელიც მარშალ გელოვანზის გამზირზე, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალ ესტაკადებს ააშენებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი გზაჯვარედინის მოწყობა არსებულ გზაზე, რაც უზრუნველყოფს მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინზე შუქნიშნების გაუქმებასა და გზის აღნიშულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილების შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მიწისქვეშა გადასასვლელების სიგრძე იქნება 31.0 მ და 51 მ, შესაბამისად.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

სატენდერო პირობებს შორის მითითებულია, რომ მშენებლობის მსურველ კომპანიას 2017 წლიდან დღემდე უნდა შესრულებული ჰქონდეს აღნიშნული მოცულობის საინჟინრო სამუშაოები. ასევე პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ბეტონის ქარხანა ან წარმოადგინოს ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება.

ტენდერში წინადადების მიღების ვადა 25 მაისს მთავრდება. პროექტი 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება.