მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტები მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გაიცემა

62187f8e92a32
ინგა მურუსიძე
25.02.22 11:07
1116
1-ელი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით მოხდება. როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.

ამასთან, ექიმი ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.

მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში. გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.

"ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.