მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტიდან რუსეთი ზეთის საექსპორტო ბაჟს კვლავ აამოქმედებს - სად და რა მოცულობით ვყიდულობთ ზეთს?

63fb0795eecea
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.23 11:10
1921
საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარ საიმპორტო ბაზარზე რუსეთში, მარტიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ბაჟი ამოქმედდება და 1 ტონა საქონლის ექსპორტის გადასახადი 2 068.1 რუბლი იქნება. მზესუმზირის შროტზე გადასახადი კი თებერვალში 1.5-ჯერ 2 200.7 რუბლიდან 3 357.2 რუბლამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის სექტემბერში ზეთის ექსპორტის გადასახადი 8 621.3 რუბლი იყო, ბოლო 5 თვის განმავლობაში კი ის ნულოვანი იყო.
მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასიდან გამომდინარეობს, რომელიც 1 ტონა ზეთის შემთხვევაში 1 149.7 დოლარია, ნაცლად გასულ თვეს არსებული 1 162.5 დოლარისა, შროტზე ეს ფასი კი 251.2 დოლარია (247.6$).

რუსეთში 2022 წლის ივლისიდან საექსპორტო გადასახადი რუბლში განისაზღვრება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში თვლიან, რომ საექსპორტო გადასახადი 2023 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

რუსეთის საქართველოსთვის ზეთის ძირითადი საიმპორტო ქვეყანაა. გასულ წელს ამ ბაზარზე ზეთის იმპორტის 86.8% მოდიოდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჯამში საქართველომ 47 მილიონ 717 ათასი დოლარის ღირებულების 28 130 ტონა ზეთი შეიძინა. ზეთის იმპორტის ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით მცირედით, თუმცა შემცირებულია, კონკრეტულად კი იმპორტის ღირებულება წლიურად 1.3%-ით, ხოლო მოცულობა 13.6%-ით შემცირდა.

როგორც აღვშნიშნეთ, ზეთის ძირითადი საიმპორტო ბაზარი რუსეთია და უნდა ითქვას ისიც, რომ 2022 წელს რუსეთიდან ზეთის იმპორტის მოცულობები 2022 წელს 12.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრებს, მათი რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთი - 41.4 მლნ დოლარი, 24 794 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.6 მლნ დოლარი, 1 835 ტონა;
3. უკრაინა - 1.2 მლნ დოლარი, 770 ტონა;
4. თურქეთი - 673 ათასი დოლარი, 330 ტონა;
5. ყაზახეთი - 553 ათასი დოლარი, 306 ტონა;
6. სომხეთი - 137 ათასი დოლარი, 75 ტონა;
7. იტალია - 34 ათასი დოლარი, 12 ტონა;
8. გერმანია - 11 ათასი დოლარი, 3 ტონა;
9. ბელარუსი - 4 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. საფრანგეთი - 1 ათასი დოლარი.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის იანვარში 2 მილიონ 688 ათასი დოლარის ღირებულების 1 961 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე თვესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (2022 წლის იანვარი - 1 მლნ 565 ათასი დოლარი, 1 027 ტონა). ერთი თვის ჭრილშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო (2 მლნ 373 ათასი დოლარი, 1 762 ტონა), მას კი უკრაინა (187 ათასი დოლარი, 118 ტონა) და ბელარუსი (74 ათასი დოლარი, 50 ტონა) მოჰყვებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტზე 3 მილიონ 028 ათასი დოლარის 1 802 ტონა ზეთი გავიდა. რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება (291 ათასი დოლარის, 183 ტონა). აქედან ქვეყანამ ადგილობრივი ექსპორტით 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.


საექსპორტო მოცულობები მცირეა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში ქვეყნიდან ზეთის ყველაზე დიდი მოცულობა 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 988 ტონა პროდუქტი ტუნისში გავიდა, ექსპორტი განხორციელდა ასევე კენიაში (463 ათასი დოლარი, 326 ტონა), აზერბაიჯანში (382 ათასი დოლარი, 194 ტონა); სომხეთში (235 ათასი დოლარი, 180 ტონა) ნეპალში - 169 ათასი დოლარი, 97 ტონა); აშშ-სა და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებში.