მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტის შემდგეგ პირველად, დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა გაიზარდა

5f9bc6afa90af
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 11:56
830
2020 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.7%-ით შემცირდა, იანვარ-სექტემბერში კი კლება 5%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ით მეტი იყო. ეს მარტის შემდგომ პირველად, კერძო სექტორის ბრუნვის ზრდაზე მიანიშნებს. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა რამდენიმე სექტორში ბრუნვა გაიზარდა. მათ შორისაა დამამუშავებელი მრეწველობა და სამთო-მოპოვებითი სექტორები. 

"დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობებისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების მოცულობის მატებას. ასევე, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოების მოცულობის მატებას. 26%-ით გაიზარდა მანგანუმის ექსპორტის მაჩვეებელი. 33%-ით გაიზარდა მინერალური წყლების, ხოლო 14%-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის მოცულობა. დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდასთან, ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად განაპირობა საცალო და საბითუმო ვაჭრობის დარგში ზრდამ. გაზრდილია ასევე ვაჭრობის მოცულობა ფარმაცევტული პროდუქტებით საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით და გარკვეული კატეგორიის სამშენებლო მასალებით.

საფინანსო სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდასთან. ტრანსპორტში კლება მეტწილად განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის შეზღუდულმა ფუნქციონირებამ და შესაბამისად, კლების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორებში.

სასტუმროების და რესტორნების სექტორში შემოსავლების კლება ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. დაახლოებით, 15-ჯერ შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ოპერატორების, ასევე, დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა.

მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება. ძირითადად, სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით როგორიცაა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მონტაჟი.

კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, დასვენების და გართობის სექტორში, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებაა", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.