17.მარტი .2020 13:34

„მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შუქის ჩაქრობა, მაგრამ ამას რა ფასი ექნება?!”

views 1982
უკან

„მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შუქის ჩაქრობა, უბრალოდ ამას რა ფასი ექნება?“ – საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო მდგომარეობის არგამოცხადების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა და იმ ნეგატიურ შედეგებზე გაამახვილა ყურადრება, რომელიც ვირუსით გამოწვეული შოკური მდგომარეობის გადავლის შემდეგ ქვეყანაში დადგება.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ყველა უწყება პროცესების მართვაში სწორად ჩაერთოს, რათა დანაკარგები მინიმალურ დონემდე შემცირდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ ვირუსის აფეთქების პიკში საერთოდ არ შევიდეთ; ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა, თვითშეგნება, რომელიც არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩევნი ამოცანაა, რომ ეს ტრანსფორმაცია მოხდეს ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების გარეშე. მსხვერპლში მაინდამაინც ადამიანის ჯანმრთელობა არ იგულისხმება.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისე, რომ სწრაფად შევძლოთ იმ პოზიციების აღდგენა, რასაც ვკარგავთ. ამიტომ ვცდილობთ დაბალანდებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საერთოდ შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი. უბრალოდ ამას რა ფასი ექნება?! რომ დასრულდება ეს ყველაფერი, ჩვენი ეკონომიკა სად იქნება?!

ადამიანი და ჯანმრთელობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, მეორეა - ეკონომიკა, მესამე ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და მეოთხე სამოქალ- აქო წესრიგი. ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ოთხივე იყოს დაცული. რეალურად 2 დღეში დადასტურდა რომ შაბათ-კვირას არსებული პანიკური მოთხოვნების საფუძვლები არ არსებობდა.

გავიგე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული პირობების გამოცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულად ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვა. თუ ჩვენი თანამშრომლობა ბიზნესთან, სამოქალაქო სექტორთან, საზოგადოებასთან იქნება ეფექტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი ისე, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჯანმრთელობას და ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა.

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობას კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ. პრიორტეტი არის ადამიანი, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ აქედან გამოვალთ და ქვეყანა უნდა იყოს კონკურენტულ გარემოში. ახლა ის მომენტია, როცა ერთმანეთზეც და ამ ქვეყანაზეც ვიზრუნოთ და აღდგენის ეტაპი გავიაროთ უფრო სწრაფად”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.