მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარტო სასტუმროს ჩადგმა ტურიზმი არ არის, რეკლამა და სხვა ინფრასტრუქტურაცაა საჭირო"

5dac42a26e21e
ლიკა გურაბანიძე
20.10.19 16:20
1995
საინვესტიციო ფონდ „გაზელ ფაინენსის” საინვესტიციო დირექტორმა ნათია ჯანელიძემ BM.GE-სთან ტურისტულ სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც ჯანელიძე განმარტავს, ქვეყანაში რეგიონებში არსებულ სასტუმროებში მდგომარეობა გამოსასწორებელია, ხოლო თბილისი თავისი დაგეგმილი და მიმდინარე მშენებლობებით უკვე "ამოწურულია".

„დღეს მშენებლობების ბუმი ძირითადად თბილისშია და სასტუმროები ძირითადად დედაქალაქში შენდება. ხშირად რეგიონში ნორმალური სასტუმრო პრობლემაა. ქვეყნის სტრატეგია უნდა იყოს ის, რომ კონკრეტულ კუთხეს განვითარება მოჰყვეს იმიტომ, რომ მარტო სასტუმროს ჩადგმა არ არის ტურიზმი და განვითარებას ინფრასტრუქტურა და რეკლამა სჭირდება. ეს ყველაფერი ერთიან კონცეფციაში უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ ერთიანი კონცეფცია იქნება და ეს იქნება ქვეყნის სტრატეგია, რომლსაც კერძო სექტორი ინვესტიციებით გვერდით დაუდგება, რა თქმა უნდა, პოტენციალს მე რეგიონებში ვხედავ. გაუმჯობესების საჭიროება ყველგან არის ინფრასტრუქტურით დაწყებული სერვისით დასრულებული.“ - აღნიშნა ჯანელიძემ.

„გაზელ ფაინენსის” საინვესტიციო დირექტორმა აქცენტი შიდა ლოგისტიკურ საკითხებზეც გააკეთა.

„ტურისტულ სექტორში დღეს ჩვენ იმ დონეზე არ ვართ, რომ ვთქვათ ყველაფერი კარგად არის. ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკა. მაგალითად, ქუთაისში აეროპორტი გავაკეთეთ, ლოგისტიკა აწყობილი არ არის, რომ იქიდან ტრანსპორტირება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს და ამის გამო ტურისტებს უჭირთ. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტის ახლოს არანაირი სასტუმრო არ არის და ტურისტებს ავტომატურად სხვაგან გადაადგილება უწევთ. ქუთაისში შეზღუდულია სასტუმროების რაოდენობა და საბოლოოდ თბილისში წამოსვლა უწევთ.“ - აღნიშნა ჯანელიძემ.  

ცნობისთვის: „თიბისი კაპიტალი“ ტურიზმის სექტორის კვლევაზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ 2025 წლამდე საქართველოში განთავსების საშუალებები გაორმაგდება. 

საინვესტიციო ბანკის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 2025 წლამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებით 57,000 საწოლია საჭირო.