მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 47%-ით შემცირდა

5eaa7d9dc05ae
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.20 11:28
801
2020 წლის მარტში საქართველოში ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 47.5%-ით შემცირდა - ამის შესახებ ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედეგად, ახლად დაფუძნებული კომპანიების რაოდენობამ 2,426 შეადგინა. 

დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მიხედვით, ეკონომიკის უმეტეს დარგებში ბრუნვა შემცირდა, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ კი 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 0.7%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. შედარებისთვის, იანვარში დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვა წლიურ ჭრილში 14.6%-ით, თებერვალში კი 10.5%-ით იყო გაზრდილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი 2020 წელს ეკონომიკის -4 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ. 2021 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 3%-ია.