26.აპრილი .2021 18:40

მარტში ბანკების გაცემული სესხების მოცულობა 601 მლნ ლარით გაიზარდა

მარტში ბანკების გაცემული სესხების მოცულობა 601 მლნ ლარით გაიზარდა
views 364
უკან

2021 წლის მარტში საქართველოს საბანკო სისტემის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 601 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. ამ მატების შედეგად, საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 39.03 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

დოკუმენტის თანახმად, კრედიტების ზრდა ლარში გაცემული სესხების 313 მილიონი ლარით მატებამ და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების 288 მილიონით მატებამ განაპირობა. სებ-ის ანგარიშის თანახმად, ზრდის შედეგად, მთლიან სესხებში ეროვნული ვალუტის წილი 44.45%-მდე გაიზარდა.

კრედიტების სტატისტიკა:

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 600.66 მლნ ლარით (1.56%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 39.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.82 მლნ ლარით (1.84%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 287.83 მლნ ლარით (1.35%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.22%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.34%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.21%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით მეტი).

2021 წლის მარტის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 302.05 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 19.25 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.45 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით)"- ნათქვამია ანგარიშში.