მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარტში ექსპორტ-იმპორტის ზრდა შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო“ - თიბისი კაპიტალი

625d1dcd9f8b0
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.22 21:20
1053
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება.

პუბლიკაციაში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება მარტის პერიოდში პოზიტიურად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ „მთლიანობაში, მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების გაუმჯობესება იკვეთება, რაც 2022 წლისათვის „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარს წარმოადგენს“.

მთავარი ეკონომისტის შეფასებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„მარტში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იმპორტზე, სავარაუდოდ შიდა მოთხოვნის შემცირებამ მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა. საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ტურიზმის აღდგენა კი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც. გზავნილების მხრივ, მარტში დაფიქსირებული მდგრადობის შემდეგ, აპრილში მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც კი ჰქონდა ადგილი.

უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება. კერძოდ, მაშინ როდესაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის სუვერენული რისკ პრემია გაიზარდა, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემთხვევაში ნორმალიზების ტენდენცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეს საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდთან შედარებით, ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მხრივ უფრო ზომიერი შეფასებების შედეგია“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განახლებულ მიმოხილვაში.