22.მარტი .2022 21:20

„მარტში გზავნილების დინამიკა შედარებით მდგრადობას აჩვენებს“ - ოთარ ნადარაია

„მარტში გზავნილების დინამიკა შედარებით მდგრადობას აჩვენებს“ - ოთარ ნადარაია
views 1422
უკან

საქართველოში უძრავ ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

„რუსეთიდან შემოსული გაზრდილი ნაკადი ყველაზე ეფექტურად უძრავი ქონების ბაზარზე აისახა. ბოლო ერთი კვირაა კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები, შემოსავლები 30-40%-ით გაეზარდათ, აგრეთვე გაიზარდა ბინების დატვირთულობაც, რომელმაც ზოგიერთ სეგმენტში 92%-ს მიაღწია", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გზავნილები რუსეთიდან საქართველოში ცხადია შემცირებულია, თუმცა მდგრადობას მაინც ინარჩუნებს.

„ცალკეულ ქვეყნებს თუ ავიღებთ, გზავნილები უკრაინიდან პრაქტიკულად განულებულია, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ვარდნაა რუსეთიდანაც, თუმცა რუბლის გამყარებასთან ერთად გზავნილების აღდგენაც შეინიშნება. ამასთან, შესაძლოა გარკვეული ეფექტი იმასაც ჰქონდეს, რომ ვინც საქართველოში შემოდის, თანხებს წინასწარ რიცხავენ, თუმცა მთლიანობაში ნაკადების შედარებითი მდგრადობა მაინც სახეზეა. თებერვლის მდგომარეობით, გზავნილებში რუსეთის წილი 12%-ია, რაც მნიშვნელოვანია.“- აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, გზავნილებში სხვა ქვეყნებიდან აქტივობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ამ შემოდინებებში თითქმის 45% ევროკავშირს უჭირავს.

„რომ შევაჯამოთ გზავნილების თემა, მთელი წლის პროგნოზზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა მარტის დინამიკა ბევრად უკეთესია, რაც შეიძლება გვქონოდა უარესს სცენარში", - განაცხადა ეკონომისტმა.