მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში მსოფლიოში ნავთობზე ფასი 55.5%-ით შემცირდა - იმპორტიორთა კავშირი

5e8311b536bf9
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 13:56
1065
მსოფლიოში, მარტში ნავთობის ფასის 55.5%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ის ფაქტორებია აღნიშნული, რის გამოც ნავთობის ფასების ასეთი ვარდნა მოხდა და მათგან პირველი ფაქტორი COVID-19-ის პანდემიაა, რამაც გამოიწვია ავია და სახმელეთო მიმოსვლის შემცირება და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნის შემცირება.

BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის მარტის თვეში ფიქსირდება ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, მარტის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 28.37 დოლარით/ბარელზე ანუ 55.5%-ით 51,13 დოლარიდან 22.76 დოლარამდე/ბარელზე.

ნავთობის მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს პირველ რიგში COVID-19-ის პანდემია. აღნიშნული პანდემიის შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ, სხვადასხვა გათვლებით საუბარია ნავთობზე მოთხოვნილების 20-25%-იან კლებაზე. ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება განპირობებულია ძირითადად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინითა და ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეჩერებით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფება, დაახლოებით, 3 მილიარდი ადამიანი, რაც ამცირებს სატრანსპორტო მიმოსვლას და აქედან გამომდინარე, ნავთობის მოხმარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 60% სწორედ საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება.

ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაიშალა "ოპეკი +"-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება. რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე. კერძოდ, საუდის არაბეთი სთავაზობდა „ოპეკი +“-ს ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დასთანხმდა რუსეთი. რუსეთს, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო 2017 წლის დასაწყისიდან. ამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო მ/წლის 1 აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა „ოპეკი +“-ის ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება და „ოპეკი +“-ის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ძირითადად მიმართულია მოპოვების ზრდისკენ. ეს ყველაფერი კი ხდება სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო გაურკვევლობის შექმნის მიზეზი. შედეგად, დღეს გვაქვს ის, რომ გადავსებულია ყველა მსხვილი ნავთობსაცავი, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ტერმინალი, მათ შორის საზღვაო ტანკერები. ამან კი უახლოეს პერიოდში შეიძლება შექმნას ნავთობის საცავებში თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა“, - ნათქვამია განცხადებაში.