მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ქართული ბანკების მოგება 166 მილიონი ლარი იყო

607eeefd4db9c
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.21 19:19
933
2021 წლის მარტში საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი მოგება 166.3 მილიონი ლარი იყო. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წელთან შედარებით ბანკების მოგებიანობა რადიკალურად არის გაუმჯობესებული, რადგანაც 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა. 

მიმდინარე წელს კი ბანკების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურებამ 334 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 198 მილიონი ლარი (ზრდა 21%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 136.7 მლნ ლარი იყო (ზრდა 24%).

რაც შეეხება ბანკების სხვა შემოსავლებს, საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 85%-ით არის გაზრდილი და 37.6 მლნ ლარს შეადგენს, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა 28 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

2021 წლის მარტში ბანკებმა 300.3 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 192.8 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 111.4 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 58 მლნ ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორთა საბჭოებზე ჯამში 65 მილიონი ლარი დახარჯეს. 11.3 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 166.3 მილიონი ლარი შეადგინა.