06.მარტი .2021 00:10

„მარტვილელ ფერმერებთან ერთად ხურმის ტრადიციულ ჩირს ვაწარმოებთ“ - "ჩიკორი"

„მარტვილელ ფერმერებთან ერთად ხურმის ტრადიციულ ჩირს ვაწარმოებთ“ - "ჩიკორი"
views 388
უკან

ქართული ჩირის მწარმოებელმა კომპანია „ჩიკორმა“, მარტვილელ ფერმერებთან თანამშრომლობით, ტრადიციული ხურმის ჩირის წარმოება დაიწყო.

როგორც კომპანიის პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი სანდრო მათიაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ახალი პროდუქტის წარმოების საწყის ეტაპზე „ჩიკორი“ სამ ადგილობრივთან თანამშრომლობს, რომლებიც ჩირს ტრადიციული მეთოდებით აწარმოებენ.

„ჩიკორს“ მანამდეც და დღესაც აქვს ხურმის ჩირი, ქარელის რაიონში მოყვანილი ხურმიდან ვაწარმოებდით ჩირს, რომელიც უფრო ჩიფსის სახითა წამოდგენილი. ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნა ტრადიციულ ქართულ ჩირზე იყო, რომლებსაც ბებიები ამზადებდნენ სოფლებში. გადავწყვიტეთ მომხმარებლის მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა. ოქტომბერში ჩავედით მარტვილში, სადაც ამ პერიოდში ხურმის ჩირის ფარდებით გადაჭრელებულია სახლები. მოვიძიეთ ადამიანები, რომლებიც დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომ ხურმის „ჰაშიას“ ჩირი ჩვენი სტანდარტების შესაბამისად გვეწარმოებინა.

ხურმის გამოშრობისას ისინი ჩვენ მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს იყენებდნენ. ჩვენს საწარმოში პროდუქტის ჩაბარების შემდეგ კი პროდუქტმა შეფუთვამდე სრული საწარმოო სპექტრი - გარეცხვიდან გაშრობამდე კვლავ გაიარა, რადგან დავრწმუნებულიყავით, რომ ის ჩვენს სტანდარტებს შეესაბამებოდა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სურსათის უვნებლობის სტანდარტით FSSP 22000“, - განმარტა „ჩიკორის“ პროდუქტების გაყიდვების მენეჯერმა.



სანდრო მათიაშვილის ინფორმაციით, საწყის-სატესტო ეტაპზე მხოლოდ 1 ტონა ხურმის ჩირი აწარმოეს, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ კომპანია ახალ სეზონზე წარმოების გაზრდას გეგმავს.

„ჩიკორის“ ხურმის ჩირი მაღაზიებში სულ ერთი კვირაა გამოჩნდა, მაგრამ მოთხოვნა პირველივე კვირაში იმდენად დიდი აღმოჩნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენს წარმოებაში პროდუქტის წილი გავზარდოთ და შესაბამისად უფრო მეტ ადამიანთან ვითანამშრომლოთ. თუმცა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს, ამიტომ წარმოების პროცესები ჩვენს დანერგილ სისტემებთან და სტანდარტებთან თანხვედრაში უნდა იყოს“, - აღნიშნა სანდრო მათიაშვილმა.