მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილში საბავშვო ბაღების ნაწილი ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს იყენებდა - აუდიტი

60144b8e42a50
თამთა ჯიჯავაძე
29.01.21 23:40
989
მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ნაწილი იყენებს მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მარტვილის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობას ეხება. როგორც აუდიტის სამსახური ამბობს, მუნიციპალიტეტში არ ტარდება მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ლაბორატორიული კვლევები.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სასმელი წყლის ანალიზი. წარმოდგენილი ჰიგიენური შეფასებით დადგინდა, რომ ზოგიერთ ბაღში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. აუდიტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს და ასახულია პრიორიტეტების დოკუმენტში, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების პირობებში, მისი გამოსწორებისათვის საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები, მით უმეტეს რომ ბიუჯეტში დარჩა თავისუფალი რესურსები. აღნიშნული კი აუდიტის ანგარიშის მიხედვით მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. მოსახლეობას წყალი მიეწოდება შეფერხებით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის 73-დან 7 სოფელში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯა მხოლოდ 133.4 ათასი ლარი. დანარჩენ 66 სოფელში კი აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება არ განუხორციელებია და მოსახლეობა სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

„ამდენად, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

გარდა ამისა, ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება“, - აღნიშნულია აუდიტის დოკუმენტში. 

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს და წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მიწოდების ხარჯების შემცირებას.