მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარწყვის ექსპორტი საკმაოდ რთულია - სასათბურე მეურნეობა „მაგემე“

64526c3c4e68f
სალომე ხიდურელი
08.05.23 09:45
1008
„2022 წელმა გაგვიმართლა მოლოდინები, მშვენიერი სტარტი გვქონდა“, - ამის შესახებ BM.GE-თან მარწყვის სასათბურე მეურნეობა „მაგემეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი დოლიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლევანდელი პროგნოზით, მოსავალი შარშანდელ რაოდენობას გადააჭარბებს.

„წელს კიდევ უფრო უკეთესი დასაწყისი გვაქვს, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ბაზარზე ჩვენი წლევანდელი მოსავალი იყიდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვხედავთ, რომ წელს გაცილებით მეტს ვკრეფთ. მოლოდინი გვაქვს, რომ 20 ტონაზე მეტი მარწყვი უნდა ავიღოთ“, - ამბობს ქეთი დოლიძე.

მისი განმარტებით, „მაგემეს“ მარწყვის რეალიზების პრობლემა არ აქვს, რადგან გარდა მოსავლის გაყიდვისა, მეურნეობა ადგილზე მისულ სტუმრებს აგრო-ტურებსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც სკოლისა და ბაღის მოსწავლეები ექსკურსიებთან ერთად, მარწყვის კრეფის გამოცდილებასაც იღებენ: „ეს ნაწილი იმდენად მზარდია და მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ პრაქტიკულად, ყოველ დღე გვყავს ბავშვების ჯგუფები, შესაბამისად - გაზრდილ მოსავალს ბაზარი ითვისებს“.

ადგილობრივ ბაზარზე „მაგემეს“ მარწყვი ციფრული მარკეტი Moitane.ge-ს, ასევე ფერმარტის და ნიკორას ქსელებში და აგრო-მაღაზიებში რეალიზდება. დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაფუძნების დღიდანვე იყო ციფრული გაყიდვები და სახლში მიწოდების სერვისი, რის გამოც, მარწყვის შეძენა გლოვოსა და ვოლტზეცაა შესაძლებელი.

„რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით სიახლე არ გვაქვს, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია. საჭიროებს სამაცივრე მეურნეობას, რომელიც ჩვენ გარშემო არ არის და, შესაბამისად, ამ მიმართულების დანერგვას ვერ ვახერხებთ. მაგრამ მთავარია, რომ ჯანსაღ პროდუქტს პირველ რიგში, საქართველოს ბაზარს ვთავაზობთ“, - ამბობს ქეთი დოლიძე.

2023 წლის გეგმებზე საუბრისას „მაგემეს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ზაფხულიდან მეურნეობა აგროტურისტული მიმართულების გაფართოებას გეგმავს.

„გვინდა დავნერგოთ აგრო-გამოცდილება, ტურის ფარგლებში სტუმრებს მარწყვთან დაკავშირებული აგრონომიული სამუშაოების ჩატარება თავად შეეძლებათ. გარდა ამისა, დავამატებთ ხელნაკეთი ნივთების, კერამიკის ადგილზე დამზადებასაც.

ყველაზე მთავარი, რისი დამატებაც წელს გვინდა, ეს არის - კულინარიის მიმართულება. გვინდა, ჩვენს სტუმრებს გასტრონომიული გამოცდილება სრულიად განსხვავებული სახით შევთავაზოთ, ვიდრე სხვაგანაა. გვექნება, ასე ვთქვათ, პიკნიკის ვარიაცია, სადაც ოჯახები და მეგობრები შეძლებენ, განახორციელონ აგრარული და კულინარიული სამუშაოები, ჩვენს შეფთან ერთად ადგილზევე შეძლებენ კერძების დამზადებასა და გასინჯვას“, - აღნიშნავს ქეთი დოლიძე.

„მაგემეს“ მარწყვის სასათბურე მეურნეობა 2021 წელს „აგროწარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტის შეთავაზებით მოეწყო. გასულ წელს მეურნეობა 350 000 ლარიანი ინვესტიციით გაფართოვდა და დღეს, ორ სათბურში, ჯამურად 40 000-მდე მარწყვის ნერგი აქვთ.