აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ისედაც ხანმოკლე და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გამართული ვიზიტის ფარგლებში, ქართულ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა კონკრეტული გზავნილის მატარებელია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შეზღუდულია სუბიექტთა წრე, რომელთაც სახელმწიფო მდივანი შეხვდება, სამოქალაქო სექტორთან მისი შეხვედრა ნამდვილად არის დემონსტრირება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა ქვეყნის დემოკრატიული მართვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუსმენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ეს იმ ფონზე, როცა სულ ცოტა ხნის წინ, 21 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობაში შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილი არ არის. ეს განცხადება სრულად გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და საზოგადოებრივ მონიტორინგს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ეს განცხადება არ არის განყენებული შემთხვევა და ის ხელისუფლების დემოკრატიული მართვის პრინციპებისადმი დამოკიდებულების გამოხატულებაა. მუდმივი მცდელობა, ყველა გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ ინდივიდუალურად, საზოგადოების აზრის მოსმენის და გათვალისწინების გარეშე მიიღოს, სწორედ არადემოკრატიული მართვის სტანდარტის დადასტურებაა.
სავარაუდოა, რომ აშშ სახელმწიფო მდივანი საქართველოს მმართველი ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიული მმართველობის არაერთ მაგალითს მოისმენს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. ამას მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს:
• ცხადი ხდება რომ მრავალპარტიული პარლამენტის არჩევა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად ქუჩის პროტესტით და პარტნიორი უცხო ქვეყნების ძალისხმევით მიღწეული უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისა, დღეს ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ერთი პარტიის პირობებში შეუდგება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიისთვის არ უნდა იყოს მისაღები და ერთპარტიულობის თავიდან ასარიდებლად დათმობებზე უნდა მიდიოდეს, ოპოზიციასა და საზოგადოებას აქტიურად უნდა ესაუბრებოდეს.
• საარჩევნო დავების განხილვის პროცესი აჩვენებს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი მმართველი პარტიის ინტერესებისგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საარჩევნო საკითხებზე სასამართლოების მიერ განხილულ იქნა 97 სარჩელი (ეს რიცხვი არ ასახავს საარჩევნო უბნების რაოდენობას, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კენჭისყრის ჩატარების კანონიერება). აქედან 60 სარჩელით (არც ეს რიცხვი ასახავს გასაჩივრებული უბნების რაოდენობას, ვინაიდან თითოეული სარჩელით რამდენიმე უბნის მონაცემები იყო გასაჩივრებული, რის შესახებაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სტატისტიკური ინფომაცია არ გამოუქვეყნებია) მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლა. შედეგად, მხოლოდ 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას და მხოლოდ ერთ უბანზე მოხდა კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა. სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ერთ-ერთი პირველია, რომელიც მუდმივად აშშ-ის ყურადღების ცენტრში რჩება და ასევე, ერთ-ერთია, რომელიც პარტნიორების ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე.
• არჩევნების ჩატარების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და ხალხი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიტიკური პოლუსის რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგეთ, დემოკრატიულ მართვასთან შეუთავსებელია საპროტესტო აქციის პრევენციულად დაშლა, იქამდე, ვიდრე ის ძალადობრივი გამხდარა, ან გაფრთხილების გარეშე დაშლა, ან დაშლის მიზნით არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასე მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა არსებობს მმართველი პარტიის გავლენა საპოლიციო სისტემის გადაწყვეტილებებზე.
• ერთპარტიულობა თვალშისაცემია პარლამენტის რუტინულ საქმიანობაშიც. პარლამენტი არ განიხილავს ან მხარს არ უჭერს ოპოზიციის საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებს, ოპოზიციის მოთხოვნით მინისტრები პარლამენტში არ ცხადდებიან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებები არასოდეს არის მხარდაჭერილი პარლამენტში და სხვა.
სახელმწიფო მდივანი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მოისმენს მათ შეფასებასა და კონკრეტულ პოზიციებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სწორედ იმის გარკვევაა, დემოკრატია საქართველოში მხოლოდ ფასადურად გვაქვს თუ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიული წესებითა და პრინციპებით იმართება.
ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების გასარკვევად კი მხოლოდ მმართველ პარტიასთან საუბარი, მხოლოდ მმართველი პარტიის შეფასებების და პოზიციის მოსმენა არასოდეს არის საკმარისი ან სრულყოფილი. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს დემოკრატიული პროცესი საზოგადოების ჩართულობას და საზოგადოებრივ მონიტორინგს. ეს პრინციპი ძალიან კარგად ესმით დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მაგრამ პატივს არ სცემენ არადემოკრატიული მმართველები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა