მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის დამფინანსებელ ინვესტორებს შორის Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსიცაა

63610a744fbc5
გიორგი თოლორდავა
02.11.22 00:30
841
სოციალურ ქსელ Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, ჯეკ დორსი ერთ-ერთი იმ ინვესტორთაგანია, რომელმაც ილონ მასკის მიერ კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გეგმა დააფინანსა.

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, ჯეკ დორსიმ თავის $1-მილიარდიანი წილის სანაცვლოდ არა პირდაპირ თანხა, არამედ Twitter-ის ახალი მფლობელი კომპანიის, X Holdings-ის წილი მიიღო. თავად X Holding-ის მფლობელი ილონ მასკია, აღნიშნული ტრანზაქცია კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯეკ დორსი Twitter-ის ახალ ინვესტორთა შორისაა.

ცნობისთვის, დორსი მასკის გეგმას მხარს უჭერს და ამის შესახებ მან არაერთი საჯარო განცხადებაც გაავრცელა. მისი თქმით, მას სჯერა, რომ მილიარდერი მეწარმე Twitter-ის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას და სოციალური ქსელის განვითარებას შეძლებს.

დორსის განმარტებითვე, Twitter-მა დასახული ამბიციური მიზნების მიღწევა ვერ შეძლო, რადგან ის უოლ-სტრიტის საინვესტიციო ბანკებისა და ჰეჯ-ფონდების კუთვნილებაში იმყოფებოდა, მისი პრივატიზაცია კი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„Twitter-ის იდეა და სერვისი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად. Twitter-ი, როგორც კომპანია, ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი პრობლემა და სატკივარი. Twitter-ს და მის სარეკლამო მოდელს უოლ-სტრიტი ფლობდა, უოლ-სტრიტიდან მისი გამოსყიდვა კი სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯია“, - განაცხადა დორსიმ.

„ვფიქრობ, Twitter-ს არავინ უნდა ფლობდეს და მართავდეს, ის საზოგადო სიკეთე უნდა იყოს და არა - კომპანია. კომპანიად ყოფნის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ილონ მასკი მიმაჩნია, მე ვენდობი მას და მის მიზანს - განავრცოს ცნობიერების სინათლე“, - წერს დორსი.

დორსის გარდა, Twitter-ის ახალ ინვესტორებს შორისაა: საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი და კატარის საინვესტიციო ჰოლდინგი. აღსანიშნავია, რომ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მასკმა საინვესტიციო ბანკების დახმარებით მოიზიდა.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით იღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟამ მასკის გეგმის დასაფინანსებლად 500 მილიონი დოლარი გამოყო.


ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:

Morgan Stanley - $3.5 მლრდ
Bank of America - $2.7 მლრდ
Barclays - $2.7 მლრდ
MUFG - 2.7 მლრდ
BNP Paribas - $650 მლნ
Mizuho - $475 მლნ
Societe Generale - $275 მლნ


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.