მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ესენციურ ჯგუფებზე განაწილებული ვაქცინები საკმარისი არაა" - როდის გაიშლება ვაქცინაცია რეგიონებში

60bf33e299c50
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 14:12
620
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები აცრას თბილისის გარდა, რეგიონებში თელავსა და ბათუმშიც შეძლებენ. ამასთან, ინდუსტრიიდან აცრაზე 3 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა.

BM.GE-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჰკითხა - როდის ჩაერთვებიან სხვა რეგიონული ცენტრები ვაქცინაციის პროცესში და იქნება თუ არა ქვეყანაში დღეს არსებული ვაქცინის დოზები ესენციური ჯგუფების აცრისთვის საკმარისი. თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინაცია დაწყებულია, თუმცა დოზები ესენციური ჯგუფების აცრისთვის არასაკმარისია.

„ჩვენ შევეცადეთ რომ „სინოვაკის“ მიღებული დოზებიდან, რომლებზეც მოთხოვნა ასევე ძალიან მაღალია, რადგან ეს ვაქცინა უკვე აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ესენციური ჯგუფების დიდი ნაწილი „სინოვაკზე“ მაღალ მოთხოვნას აყენებს, იმ ძირითად სერვისებზე გაგვენაწილებინა, რომელიც სტრატეგიულ პრიორიტეტებშია, მათ შორის არის შსს, პენიტენციური სერვისი, ტურიზმი, ეკონომიკა... თითოეულ უწყებაზე 3-4 ათასი დოზა უკვე განაწილდა, რაც მათი საჭიროებების სრულად მოცვისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად როგორც კი მივიღებთ ვაქცინების ახალ რაოდენობას, მათ დაემატებათ ის რაოდენობა, რომელიც სჭირდებათ, რომ დროულად მოიცვან თავისი სამიზნე კონტიგენტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ რეგიონებში ესენციური ჯგუფების ვაქცინაციის გაფართოება ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს.

„ვაქცინაცია რეგიონებშიც გაიშლება და ამაზე თავად ეკონომიკის სამინისტრო გვეხმარება. ის სისტემის შიგნით პრიორიტეტებს განსაზღვრავს - როგორ დაარეგისტრიროს უწყების წარმომადგენლები ვაქცინაციისთვის რეგიონების მიხედვით და როგორ გადაანაწილოს ისინი. თავის მხრივ, ყველა უწყება ჩართულია, რომ ესენციურ ჯგუფებში განაწილება ოპტიმალურად მოხდეს და მათ ვაქცინები დროულად მიიღონ“, - უთხრა BM.GE-ის თამარ გაბუნიამ.