მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასურაშვილი: იპოთეკური სესხის სუბსიდირებასთან დაკავშირებით მომართვიანობა გვაქვს

61548d7cc1f12
ლიკა გურაბანიძე
29.09.21 20:21
852

“უძრავი ქონების ბაზარზე გაუმჯობესება შეინიშნება,” - ამის შესახებ საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ სუბსიდირების პროგრამაა ერთ-ერთი, რაც დღეს ბაზარზე ვითარებას აუმჯობესებს.

“გასულ წელს სუბსიდირებამ სექტორს ხელი შეუწყო, რომ გაყიდვები ჰქონოდათ და ამიტომაც კომპანიებისთვის ძალიან კარგი წელი იყო. იმდენად კარგი წელი იყო, რომ მომხმარებლები, რომლებიც ბინის შეძენას არ ჩქარობდნენ, მათაც 2020-ში შეიძინეს. გაუმჯობესება შეინიშნება, ამას სუბსიდირების ახალი პროგრამაც ემატება.

როდესაც რაიმე სახის პროგრამა იწყება, მას დრო სჭირდება. მომართვიანობა სუბსიდირებასთან დაკავშირებით გვაქვს, რაც დროის გასვლასთან ერთად იზრდება. თუმცა, სუბსიდირების ახალ პროგრამას კონკრეტული ვადაც არ აქვს და ხალხი ჯერ არ ჩქარობს. იმედი მაქვს, რომ ეს სექტორი კარგი შედეგებით დახურავს ამ წელს.” - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

სსიპ "აწარმოე საქართველოში" იტყობინება, რომ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია. 

შეგახსენებთ, რომ  სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.

პროგრამა სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას ითვალისწინებს სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.