მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლამ ხელი შეუშალა მათ თავისუფალ არჩევანს - US Embassy Tbilisi

615aa6c11c218
BM.GE
04.10.21 11:00
2881
ამერიკის საელჩო საქართველოში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საელჩო ღრმად შეშფოთებულია სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარის გამო და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.

"ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან"-ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში. 

"ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნები პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.

სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს"-ნათქვამია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში. 


სრული განცხადება იხილეთ აქ