21.მაისი .2020 19:35

"მათ, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგეს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება"

views 1283
უკან

სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინსიტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა