მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მათ საყურადღებოდ, ვინც ამბობს, რომ საქართველო მე-16 არის ინფლაციის სიდიდით” - კობა გვენეტაძე

61791346b917f
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 12:52
2182
“დიახ, საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ ისაუბრა. იქამდე კი სებ-მა რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და ის უცვლელად 10%-ზე შეინარჩუნა.

კობა გვენეტაძე გამოეხმაურა IMF-ის სტატისტიკასაც, რომლის ოქტომბრის შეფასებითაც საქართველო მსოფლიოში ინფლაციის სიდიდით მეთექვსმეტე ადგილზეა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს, მათ შორისაა, საგარეო ფაქტორები, მაღალი ფისკალური დეფიციტი და ტურიზმის სექტორის შემცირება.

“არის ხოლმე კომენტარი, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და მსოფლიოში მაღალ ინფლაციებს შორის მეთექვსმეტე ადგილზეა, მაგრამ მათ საყურადღებოდ ვისაც ეს სტატისტიკა მოყავს მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიამ მობილობა სრულიად შეზღუდა, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე არატურისტული ქვეყნები. თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12% იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა, შესაბამისად საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი და უფრო დიდი შოკი, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფისკალური დეფიციტი 9%-ზე მეტი იყო 2020 წელს, წელსაც საკმაოდ მაღლა ნარჩუნდება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის მაღალი, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

2021 წლის ბოლოსთვის სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:

1 ვენესუელა - 2,700%;
2 სუდანი - 115%;
3 სურინამი - 48%;
4 იემენი - 45%;
5 ზიმბაბვე - 40.9%;
6 ირანი - 30%;
7 ზამბია - 23.2%;
8 ანგოლა - 22%;
9 ლიბია - 21.1%;
10 თურქეთი - 16.7%;
11 თურქმენეთი - 16%;
12 კომორის კუნძულები - 15.6%;
13 ნიგერია - 14.9%;
14 ჰაიტი - 14.9%;
15 სიერა ლეონე - 14.6%;
16 საქართველო - 13.05%.

წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა. არსებულ ვითარებაში, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ 2022 წლიდან ინფლაცია შემცირდება.