მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა მიმდინარეობს

6062d9f07de30
ინგა მურუსიძე
30.03.21 20:00
1022
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მახათას მთაზე დაწყებული „ჯარის ქალაქის - Army City"-ს მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების ცნობითვე, ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება.

"ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია, მიმდინარეობს სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი მიმდინარეობს ბლოკის წყების დალაგება და ბინების ერთმანეთისგან გამოსაყოფად დატიხვრა.

დანარჩენ კორპუსებზე კი, მიმდინარეობს ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების სამუშაოები, ასევე „ჯარის ქალაქის“ გარე პერიმეტრის - შემოღობვაც. სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება, ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის, დაახლოებით, 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას. 

ბინათმშენებლობის სამუშაოები დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

bm.ge-მ პროექტის შესახებ მეტი დეტალი თავდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.