მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MBC-ის დაპირება მომხმარებელს – რა პირობით შეძლებს კომპანია დაპირების შესრულებას

61d45b951b855
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 19:46
987
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის“ გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი 2022 წელს მომხმარებელს ჰპირდება, რომ სესხებს არ გააძვირებს, თუმცა ის ამ დაპირების შესრულებისთვის აუცილებელ პირობასაც ასახელებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა „საქმიანი დილას“ ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის 2021 წლის შეფასებისა და გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„შევეცდებით 2022 წელს ჩვენი მომხმარებლის ინტერესები პირველ რიგში დავაყენოთ და მხარს დავუჭერთ ყველა მხრივ როგორც ამას გასული ორი მძიმე წლის განმავლობაში ვაკეთებდით. შემიძლია დავდო პირობა, რომ სესხების არანაირი გაძვირება ჩვენი მხრიდან არ იქნება, მაგრამ ასევე უნდა დავთქვა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ორი პარამეტრის - რეფინანსირების განაკვეთის და ლარის კურსის ნორმაში მოყვანა მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაპირების შესრულება ძალიან გაგვიჭირდება.

ბოლო პერიოდში ლართან მიმართებით დადებით ტენდენციას ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია 2022 წელს შენარჩუნდება. აქვე უნდა ვთქვა, რომ მაღალმა ინფლაციამ და რეკორდულად მაღალმა რეფინანსირების განაკვეთმა ეს დადებითი ეფექტი გაანულა“, - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

მისი შეფასებით, 2021 წელი გამოწვევებით სავსე, რთული წელი იყო. „ემბისის“ გენერალური დირექტორი იმ ძირითად გამოწვევებს ასახელებს, რომელიც გასული წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა ვფიქრობ, არაპროგნოზირებადი მომავალია, ჩვენ არ ვიცით წინ რა გველოდება. ძირითადად ეს დაკავშირებულია პანდემიურ მოვლენებთან. საფინანსო ინსტიტუტები 3-4 წლიან გეგმებს ადგენენ ხოლმე და 2021 წელს ამის გაკეთება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს წინა წელს იყო. იმედი გვქონდა რომ 2021-ის ბოლოს ამ პროგნოზების მეტ-ნაკლებად გაკეთებას შევძლებდით, თუმცა ახლა იძულებული ვართ ეს კიდევ ერთი წლით გადავწიოთ.

მთავარი გამოწვევა რესურსის სიძვირე და ამასთან დაკავშირებული სესხების სიძვირეა. ხშირად ამბობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო ბანკების მსესხებლებს სესხები გაუძვირდათ, მათ რიგში არიან მიკროსაფინანსოები, რადგან ჩვენ ბანკების კლიენტები ვართ. ჩვენი რესურსები გაძვირდა, მაგრამ ჩვენს მომხმარებელს ეს არ შეხებია, რადგან კონტრაქტებში ეს ჩანაწერები არ გვქონია. პირიქით, ვაცნობიერებთ რა იმას, რამდენად რთულია პანდემიის პირობებში სესხების მომსახურება და როგორ შემცირდა ჩვენი კლიენტების შემოსავლები, სესხების გაიაფების სურვილი გვქონდა, რის შესაძლებლობაც ახლა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ჩვენ რესურსის ღირებულება გაგვიძვირდა“, - აღნიშნა „ემბისის“ გენერალურმა დირექტორმა.

გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ კომპანიებისთვის მართვის პროცესების დიგიტალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და „ემბისი“ მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სერიოზული ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.