მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MBC მცირე ბიზნესის და ფერმერული მეურნეობების დაკრედიტებას გაზრდის

5d9f03d169006
ლევან თაღიაშვილი
10.10.19 12:46
1417
მცირე ბიზნესის და ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას მოხმარდება $1.75 მლნ-ის მოცულობის სესხი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ MBC-ი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან „Incofin Investment Management“, მიიზიდა.

MBC-ის საფინანსო დეპარტამენტის დირექტორმა, თათია ჯაჯანაშვილმა დღეს „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ არაუზრუნველყოფილი სესხის მოზიდვაზე საერთაშორისო ინსტიტუტთან მოლაპარაკებები 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესი სებ-ის რეგულაციის შემოღების შემდეგ გართულდა, თუმცა MBC-ის სტაბილურმა განვითარებამ, ინვესტორებს სესხის გამოყოფის საშუალება მისცა.

„ინვესტორთან მოლაპარაკებები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო. მათთვის მთავარი იყო, რომ MBC-ს შეენარჩუნებინა სტაბილური ზრდის ტემპი. ბოლო 2 წელიწადში რეგულაციების გამო საკმაოდ გართულდა საქართველოში ოპერირება და ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა კიდეც. ამიტომ ინვესტორებისგან ხშირად ჩნდებოდა კითხვები, იყო წყვეტებიც, 2019 წლის დასაწყისში ისინი თავს იკავებდნენ ინვესტირებისგან. თუმცა, საბედნიეროდ მეორე კვარტალში დასტაბილურდა ბაზარი, ჩვენც 15%-ით გავიზარდეთ, რამაც დადებით შედეგამდე მიგვიყვანა“ - ამბობს ჯაჯანაშვილი.

მათი თქმით, კომპანია აქტიურად დააფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ შორის აგროსექტორსაც.

"ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას. უკვე აქტიურად დავიწყეთ აგროსექტორში შესვლა. ორგანიზაცია ავითარებს სერვის ცენტრების ქსელს საქართველოს რეგიონებში. მთავარი მიზანი კი ისეთი ადამიანების დახმარებაა, ვისაც პატარა ბიზნესი ან იდეა აქვთ და სურთ მისი განვითარება, ფინანსებზე წვდომა კი უჭირთ“ - განაცხადა მან.

MBC-ს ამჟამად 12 ფილიალი აქვს, აქედან 6 თბილისშია, 6 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მომავალში მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. თათია ჯაჯანაშვილის თქმით, აგრობიზნესი საქართველოში ერთ-ერთი პერსპექტიული სფეროა და ახალი მეურნეობები წარმატებით ოპერირებენ. MBC-ი, $1.75 მილიონს ძირითადად ბიზნეს სესხების გაცემაში დახარჯავს და მთლიანი თანხის ათვისება 2019 წელს მოხდება.

რაც შეეხება ახალ ინვესტიციებს, მათი თქმით 4 სხვადასხვა ინვესტორთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს 15 მლნ ლარის მოცულობის სესხებზე, რომელსაც MBC 2019-2020 წლებში აითვისებს და ასევე იურიდიული პირების დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული.