მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ლარსა და ინფლაციაზე - ივა ჭყონია

62275febb9816
მარიამ იზორია
09.03.22 10:15
1435
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ლარი მკვეთრი მერყეობებით ხასიათდება. 7 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 12.47 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარს შეადგენს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ლარზე გავლენას რუსეთ-უკრაინის ომი ახდენს.

მისივე განმარტებით, ორი უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანა ომშია ჩართული, ჩაკეტილია ბაზრები, შემცირებულია ფულადი გადმორიცხვები, რაც ერთიან ჯაჭვს ქმნის და საბოლოოდ, ლარის კურსზეც აისახება.

„ომის დაწყებიდან ერთ დღეში ლარი, დაახლოებით, 15 პუნქტით გაუფასურდა. ამას შეიძლება ემოციური ფაქტორიც დაერქვას. კარგად ვიცით, რომ ორი უდიდესი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანა ომშია ჩართული; არავინ იცის ეს როდის დასრულდება. რუსეთ-უკრაინის ბაზრები დაკეტილია, ფულადი გადმორიცხვები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან შემოდიოდა, შეჩერებულია, ტვირთბრუნვაც გაჩერდა. ეს ჯაჭვი, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება ლარზე. კარგი იქნება თუ ლარი წონასწორობის ნიშნულს იპოვის და დასტაბილურდება; თუ სწრაფად არ ჩაერია, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდი, იგივე შედეგს მივიღებთ, რაც კოვიდპანდემიის დროს გვქონდა, როდესაც ინფლაცია 14%-მდე იყო ასული.

სამწუხაროდ, ფასები ახლაც მოიმატებს - ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ლარის გაუფასურებას ახლავს. ამასთან, ომის გამო გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება; მაგალითად, მზესუმზირის ზეთის ძირითადი ექსპორტიორები რუსეთი და უკრაინა იყვნენ. არის მოლოდინი, რომ მსოფლიოში დეფიციტი შეიქმნას და ალტერნატიული ბაზრებიდან შემოტანილ პროდუქტს შედარებით მაღალი ფასი ჰქონდეს“, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი.