მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ბიზნესის საიჯარო გადასახადის გათავისუფლებისთვის 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი - მერია

61e66dbf9f729
ნინი ლონგურაშვილი
18.01.22 23:49
873

თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პროგრამა დანერგა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად, 3 000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს და სუბსიდიის ოდენობა ჯამში 7 მლნ ლარამდეა. ინფორმაცია BM.GE-ს დედაქალაქის მერიიდან მიაწოდეს.

აღსანიშნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტები თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარადგინა.

"აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირებისთვის 1,25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. ის ეხება დაახლოებით 1800-მდე ობიექტს, მათგან 450-მდე სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, ასევე, 1350-მდე რესტორანს, პიცერიას, სასადილოს, კაფესა და ბარს.
ამას გარდა, საუბარია, 2022 წლის ბოლომდე, მუნიციპალური იჯარით მოსარგებლეების გადასახადის გათავისუფლებაზე, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 5.5 მლნ ლარამდე დასუბსიდირდება. ასევე ღია კაფეებისთვის გამოყოფილია 1.2 მლნ ლარი, რომლებიც ასევე გათავისუფლდებიან საიჯარო თანხისგან.

ამას გარდა, ის ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ იჯარის ხელშეკრულება თბილისის მერიასთან და ქონების მართვის სააგენტოსთან, მათ ორი წლით გაუხანგრძლივდებათ აღნიშნული ხელშეკრულება პანდემიის ვადებიდან გამომდინარე", - აღნიშნა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდა, სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. დედაქალაქის მერის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ.