21.ივნისი .2021 12:13

„მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავ არ ფუნქციონირებს“ – TBC Capital

„მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავ არ ფუნქციონირებს“ – TBC Capital
views 476
უკან

მაისში საქართველომ 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან 72.7%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, რაც აპრილთან შედარებით (-81.3%) გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

TBC Сapital-ის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მაისში დიდი სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მცირე და საშუალო სეგმენტში კი დატვირთვის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა. სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი დატვირთვით ბათუმის და კახეთის სასტუმროები გამოირჩევიან.

„სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ მაისში 22% შეადგინა. იანვრიდან მაჩვენებელი მკვეთრად უმჯობესდებოდა დიდი სასტუმროებისთვის (40% მაისში), რაც ტურისტული ვიზიტების მატებისა და ადგილობრივი დამსვენებლების გააქტიურებასთან ერთად, მათი კონკურენტული უპირატესობითაა განპირობებული. მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავ დაკეტილია. ამ სეგმენტში დატვირთულობამ მაისში 7% შეადგინა.

შერჩეული დიდი სასტუმროების დატვირთულობა ყველა რეგიონში გაზრდილია. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბათუმში (47% მაისში), რაც 2019 წლის მაისის დონეს მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. კახეთის დიდი სასტუმროები საშუალოდ 42%-ით იყო დატვირთული. თბილისში დატვირთულობამ 38%, ხოლო სხვა რეგიონებში 35% შეადგინა“, - ნათქვამია ტურიზმის ინდუსტრიის სექტორულ მიმოხილვაში.

რაც შეეხება სასტუმროებში უნაღდო დანახარჯებს, აღნიშნულ პერიოდში რეგიონების სასტუმროებში უნაღდო ხარჯვა უმჯობესდება და აღდგენა დიდ სასტუმროებში შედარებით სწრაფია.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში მკვეთრი კლების შემდეგ, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები სტაბილურად თბილისში უმჯობესდება, სადაც კლებამ მიმდინარე კვარტალში -57% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში უკეთესი მაჩვენებელი რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, სადაც ცვლილება 2019 წელთან შედარებით -42%-ს გაუტოლდა.

შედარებით სწრაფი ტემპით უმჯობესდება უნაღდო ხარჯვა დიდ სასტუმროებში (>120 ოთახი), სადაც მაისში მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 17%-ით იყო შემცირებული.

აღდგენა ყველაზე ნაკლებად მცირე და საოჯახო სასტუმროებშია შესამჩნევი. ამ სეგმენტში კლებამ ბოლო მონაცემით -67% შეადგინა.

TBC Capital-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების აღდგენის დინამიკა ყველაზე მეტად აჭარასა და კახეთში შეიჩნევა, დინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთშიც. კვლევაში აღდგენის მიზეზებზეა საუბარი.

„აჭარის სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის აღდგენას მეტწილად ბათუმში ტურისტული ვიზიტების გააქტიურება განაპირობებს, ძირითადად ისრაელიდან და უკრაინიდან.

აღსანიშნია, რომ კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ვიზიტების მატებასთან ერთად დინამიკა ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე უმჯობესდება, რასაც თბილისთან სიახლოვე უწყობს ხელს.

თბილისში გაუმჯობესება ეტაპობრივია და შედარებით სტაბილური ტემპით მიმდინარეობს. სხვა რეგიონების სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები შედარებით ნელი ტემპით უმჯობესდება“, - ნათქვამია ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა