მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ენერგოგენერაციის ობიექტებს ბირჟაზე უბალანსობის შემთხვევაში სანქციები არ დაუწესდებათ

62ebcd97942d0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.22 21:43
737
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა პირველი სექტემბრიდან ოპერირების დასაწყებად მზად არის - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბირჟის ამოქმედების თარიღამდე, ანუ პირველ სექტემბრამდე რიგი მარეგულირებელი ჩარჩოსა და ნორმების დამუშავება მიმდინარეობს.

„კომისიის მიერ დამტკიცებულია ყველა ძირითადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბაზრის ოპერირება მოხდება. გარდა ამისა ერთი დოკუმენტი, რომელზეც ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს, კომისიის მიერ ამ თვის განმავლობაში დამტკიცდება, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს მეორე დოკუმენტს, რომელიც ასევე მზად არის. პროექტი ბაზრის მონაწილეებთან შეჯერებულია. ამდენად სამართლებრივი ფორმირება ამ ყველაფრით დასრულდება. ტექნიკური ნაწილიც პრაქტიკულად ბოლოშია გასული, ბირჟა თავისი პლატფორმით პირველი სექტემბრიდან ვაჭრობის დასაწყებად მზად არის. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემაში რამდენიმე ტექნიკური საკითხის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. შესაბამისად, პროცესში ჩართული ყველა უწყება სრულ მზადყოფნაშია.

დარჩენილია ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები და მასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. შემდეგ დავამტკიცებთ ორ ფორმას, რომელიც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირებად რეგისტრაციას ეხება და შესაბამისად ამით სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება დასრულდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მცირე ენერგოგენერაციის ობიექტებს, დაგეგმვის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციები არ დაეკისრებათ.

„დისბალანსის საკითხთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებს შორის პოზიციები შეჯერებულია. მცირე ჰესები, საქართველოს მელიორაციაზე არსებული ჰესები, ქარის ელექტროსადგურები და მზის სადგურები, გარკვეულ ნაწილში განთავისუფლდნენ უბალანსობისგან. ეს ძირითადი პრინციპები, რაზეც შეთანხმებული ვართ, ასახულია პროექტში და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება. ანუ მცირე ენერგოგენერაციის ობიექტები თუ სწორად ვერ დაგეგმავენ ბაზარზე მისაწოდებელ მოცულობებს მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზეა საუბარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა ბაზრის მონიტორინგის წესები და შექმნა დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ბაზარზე ვაჭრობის მონიტორინგს განახორციელებს.

„თუ ვინმე თავის დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად გამოიყენებს ან ვაჭრობის წესებს დაარღვევს, მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდება სანქცირება.

ბირჟის ამოქმედების შემდეგ ყოველდღიურად  სხვადასხვა ფასი იქნება, რადგან ის ყოველდღიურად დადგინდება. ის თუ როგორი იქნება, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა უკონტექსტო და არსებით ზრდას, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ ველით“, - განმარტავს ნარმანია.