13.ივლისი .2020 13:35

მცირე გამანაწილებლებს "თბილისი ენერჯისთან" და "სოკართან" უნდათ შერწყმა - დავით ნარმანია

views 485
უკან

სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიეცემა - ამას სემეკისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარამიანიას განცხადებით, ეს ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, რადგან ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ მცირე ოპერატორებს უახლოეს პერიოდში საკუთარი წილების მსხვილ კომპანიებზე გაყიდვა აქვთ დაგეგმილი.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის გარკვეული საკითხები, შესაძლო გარიგებები, რაც ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე გაზგამანაწილებელ კომპანიებს. ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს შეფასების მექანიზმი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება და პარლამენტი არ იქნება მუშა რეჟიმში, ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა დაჩქარებულად იყოს განხილული.

გაზის სექტორში არსებობენ ძალიან მცირე გამანაწილებლები, რომელთაც აქვთ სურვილი მათზე უფრო ძლიერ კომპანიას შეერწყან, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და აუდიტის შეფასებებიც გაკეთდა, ამიტომაც უნდა არსებობდეს წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, ძალიან მარტივად შევითანხმებთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს და დროში არ გაიწელება.

შემიძლია რამდენიმე კომპანია დავასახელო, რომელთა აუდიტიც უკვე გაკეთებული არის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც "თბილისი ენერჯისთან", ასევე "სოკარ ჯორჯია გაზთან" შერწყმასთან დაკავშირებით,” - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებითვე, ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ცვლილებამ მომხმარებელთა ინტერესები არ დააზიანოს. დამაზიანებელი შედეგის მაგალითად კი, სემეკის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების დროს "ყაზტრანსგაზის" მესაკუთრის ცვლილებას ასახელებს.

“ჩვენ შევაფასებთ 5%-ის ან მეტი წილის შემძენს რამდენად ექნება შესაძლებლობა შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ თუ რა გავლენა ექნება ახალი მესაკუთრის შემოსვლას მომსახურების გაუმჯობესებაზე ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს სერვისის ხარისხზე, ტარიფებზე და ასე შემდეგ.

არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა