მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის შეიძლება შეღავათები დაწესდეს - დავით პაპიაშვილი

614b0b61e9ddc
ინგა მურუსიძე
22.09.21 23:00
4032
ვფიქრობ, მცირე შემოსავლების მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები შეიძლება დაწესდეს, - ასე ეხმაურება “Kreston georgia”-ს მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი IMF-ის ანგარიშს.

თუმცა, ის ფიქრობს, რომ განაკვეთის ცვლილება არ უნდა მოხდეს მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის. საკითხზე პაპიაშვილმა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

„თემა საინტერესოა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ, მხოლოდ ამ საკითხზეა საუბარი, რომ მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისთვის დაწესდეს შეღავათები, თუ ზოგადად, საუბარია საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გადახედვაზე და იგივე პროგრესული შკალის შემოღებაზე. თუ მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დაუწესდება შეღავათი და შემოვა იგივე დაუბეგრავი მინიმუმის თემა, რომელიც ფაქტობრივად დღეს არ გვაქვს, კარგია ანუ დღევანდელი საშემოსავლო შეღავათები მიბმული არის კონკრეტულ ჯგუფებზე, მაგალითად ომის ვეტერანებზე, შშმ პირებზე და ა.შ. არ არსებობს ერთიანი ზღვარი, ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ყველა საქმიანობას მოიცავს“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არის საუბარი ხარჯების შეკვეცაზე და არავინ იცის საიდან უნდა დაიწყოს ეს, კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო აუდიტის დასკვნები გაანალიზდება და სწორედ იქ მოხდება შეჯერება, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი რესურსის გამონახვა.

„ბოლო წლებში ჩვენი მოსახლეობის ხელფასი დოლარში შემცირდა, ხოლო დოლარში შემცირება პირდაპირ ასახავს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რადგან ფაქტობრივად 2004-2012 წლებში 5-ჯერ გაიზარდა ხელფასი დოლარში დაახლოებით და ბოლო 10 წელი ამ მიმართულებით ცვლილება არ გვაქვს, მცირედით შემცირდა კიდეც.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არ გაუმჯობესებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული შეღავათები მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის შეიძლება დაწესდეს, თუმცა ჩემი აზრია, რომ განაკვეთი არ უნდა შეიცვალოს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

IMF-ის მიმოხილვაში წერია, რომ 20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია. IMF-ის მიმოხილვაში არაა საუბარი იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ამის შესაცვლელად, თუმცა, სავარაუდოდ, ფონდი საქართველოს მთავრობას საფეხურებრივი (დიფერენცირებული) საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისკენ მიანიშნებს. საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოქალაქის დარიცხული ხელფასია თვეში 2000 ლარი, ის “ხელზე” 1600 ლარს იღებს, 1000 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 800 ლარს, ხოლო 500 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 400 ლარს იღებს.

2018 წლის შემდეგ, მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ან მისი მოდიფიკაციისთვის მხოლოდ ერთი ცვლილება გაატარა - COVID-19-ის პანდემიის გამო, 750 ლარამდე ხელფასები საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, 1500 ლარამდე ხელფასები კი ნაწილობრივ გათავისუფლდნენ, თუმცა ეს შეღავათი არა - მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეღავათი 2021 წლის 1 ივნისს დასრულდა და მის ფარგლებში კერძო სექტორში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩა.