მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მძინარე“ აჭარა - ვზომავთ თუ არა ტურიზმის მდგრად განვითარებას საქართველოში?

60d34a645a067
თელარა გელანტია
24.06.21 09:45
678
ბათუმსა და აჭარის რეგიონში დიდი მონაცემების დამუშავებით (big data analytics) ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟი მიმდინარეობს.

პროექტი - „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმი დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცმების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობს ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში.

როგორც bm.ge-ის „ტურიზმის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა განუცხადა, პროექტის მთავარი სიახლე რამდენიმე ფაქტორისგან შედგება.

„იგი ტურიზმს გავლენას აფასებს როგორც ეკონომიკური ინდიკატორებით, ასევე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ ურბანული ფაქტორებით. ქართულ რეალობაში დამკვიდრდა ტურიზმის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით გაზომვა, შედეგად, გვერდით გვრჩება ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხი, რაც გულისხმობს ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორის გაანალიზებით დადგინდეს ტურიზმის დადებითი თუ უარყოფითი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. ეს კი, თავის თავში, მოიცავს მრავალი და დიდი მოცულობის მონაცემების გადამუშავებას, რასაც სჭირდება ტექნოლოგიების ჩართულობა, რადგანაც ტრადიციული (სტატისტიკური) ხერხები აქ ნაკლებად გვადგება. შესაბამისად, TIM მოდელი ეყრდნობა მრავალი იდიკატორის გაზომვას დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით.

უფრო კონკრეტულად, ქართულ რეალობის გათვალისწინებით, აჭარის და ბათუმის მაგალითზე დადგინდა, რომ საქართველოში ტურიზმის მდგრადობის გაზომვისათვის საჭირო ისეთი მონაცემები, როგორებიცაა ტურიზმიდან ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების მონაცემები, საპარკინგე ადგილების რაოდენობა, საველოსიპედე ინფრასტურქტურა, წყლისა და ენერგიის გამოყენება ტურიზმის/ტურისტების მიერ, კულტურული ღონსძიებების როლი, მოსახლეობის ჩართულობა ტურიზმის პოლიტიკაში, ადგილობრივი ბიზნესების სოციალური პასუხისმგებლობის დონე, დასაქმების წილი ტურიზმში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობა და სხვა ინდიკატორები არ მოიპოვება ან არის ნაკლები სანდოობის მქონე.

აღნიშნული მოდელი ტურიზმი დანიშნულების ადგილებს მდგრადი განვითარების ჭრილში აფასებს 4 კატეგორიით: „ბოროტად გამომყენებელი“ (misuser), “ექსპლუატატორი“ (exploiter), „მძინარე“ (sleeper) და “ჩემპიონი“ (champion).
აჭარის შეფასებებისას დადგინდა, რომ რეგიონი ტურიზმის მდგრადი განვითარების მხვრივ „მძინარის“ სტატუსს ატარებს. შესაბამისად, მას შეუძლია უფრო მეტი კეთილდღეობის მიღება ტურიზმიდან, ვიდრე იგი ამას აკეთებს ამჟამად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა არსებობობის ან მისი ხარისხის გაუმჯობესების პირობებში აღნიშნული სტატუსი შეიძლება გადაიხაროს როგორც დადებითისკენ, ასევე უარყოფითისკენ.

საბოლოო ჯამში, „ტურიზმის გავლენის მოდელის“ (TIM) უმთავრესი მომხმარებელი იქნება სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებსაც მოდელი მოამარაგებს შემდეგი სიკეთეებით: ა) ტურიზმის მდგრადი განვითარების ინდიკატორების მხვრივ სისუსტეების და მონაცემთა ნაკლებობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ქონა და ბ) მდგრადობის გაზომვის უპრეცენდენტო ხელსაწყოს ფლობა ტურიზმის პოლიტიკის ადგილობრივ საჭიროებებზე მორგების მიზნით“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
ცნობისთვის: „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020) ესპანეთში.

პროექტი თანადაფანინანსებულია ევროკომისიის მიერ. მისი ოფიციალური პარტნიორი გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ხოლო განმხორციელებელია „ტურიზმის ინსტიტუტი“.