მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ჩემი გაჭირვება მაქვს" – რა ამოცანების წინაშე დგანან WHO და UNWTO

5ec248d1575c0
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.20 20:50
1259
„უფრო ადრე შეიძლებოდა საზღვრების დაკეტვა, უფრო ადრე შეიძლებოდა რეაგირება”, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა Forbes Talks-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს WHO-ს და UNWTO-ს განსხვავებული ამოცანები აქვთ და ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევა ბევრად უფრო რთულია, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. 

„მისი (გულისხმობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს - WHO-ს ხელმძღვანელს) მდგომარეობა არ იყო ადვილი და დღეს კიდევ უფრო რთულია. მე ჩემი გაჭირვება მაქვს, ასე ვთქვათ, ვინაიდან ის ორიენტირებულია, რომ არ გაიზარდოს რისკები და არ გაიზარდოს შემთხვევები, ინფიცირებულთა რაოდენობას ვგულისხმობ. ჩვენი და ჩემი, ამ შემთხვევაში, ამოცანა არის მის ამოცანას დამატებული კიდევ მეორე ამოცანა, რომ გაიხსნას საზღვრები და ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ ისე, რომ არ მოხდეს მათი დაზარალება. ის უფრო ორიენტირებულია იმაზე, რომ მინიმიზირებული იყოს ეს რისკები და მე სხვა მოტივაცია გამაჩნია და სხვა კუთხით ვუყურებ ამ საკითხს, რაც ბევრად უფრო რთულია, რადგან მის რეკომენდაციებზე ნაწილობრივ დამოკიდებული ვარ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა და კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ იმიტომ არის, რომ ის არის ამ ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი წევრი“, - განმარტა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 

UNWTO-ს გენერალური მდივანი ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ ახლა მთავარი საკითხი დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენაა. 

"რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო თვითონ ქვეყნების მხრიდანაც, ევროპული ქვეყნები რომ აღვნიშნოთ, უფრო ადრე შეიძლებოდა საზღვრების დაკეტვა, უფრო ადრე შეიძლებოდა რეაგირება, თუმცა, რაც მოხდა მოხდა და ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. მთავარია ჩვენ ვიზრუნოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გამოვალთ და რამდენაც სწრაფად შევძლებთ აღდგენას აღნიშნული ვითარებიდან", - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.