მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე და ამირანი ვნერვიულობდით იმაზე, რომ..." - ინტერვიუ ნიკოლოზ გამყრელიძესთან

5e887c3fb9d9c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 16:25
12369
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორი და ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე tv „პირველთან“ ინტერვიუში ინფიცირების დადასტურების და შემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს და ფიქრობს, რომ ამ შემთხვევისგან კარგი გაკვეთილი მიიღო -  "ამ ქვეყნად ყველანი თანაბარნი ვართ".

„უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. უნდა ვაღიარო, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემი თანამშრომელი არ მოვიდოდა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო ასე გამკაცრებული ყველაფერი, თუმცა უნდა გაგვეთვალისწინებინა მასაც და მეც, რომ შეხვედრა არ ჩაგვენიშნა. როდესაც ვირუსი დამიდასტურდა, პირველი რეაქცია იყოს ის, რომ შემეშინდა, ხომ არ გადავდე ჩემ შვილებს ან ჩემს მეუღლეს ან ჩემს ირგვლივ მყოფებს-მეთქი და მეორე მომენტი იყო ის, რომ მთელი კომაპანიის მენეჯმენტი უცბად აღმოვჩნდით თვითიზოლაციაში ან ჰოსპიტალში და ეს გამოწვევა იყო ჯგუფისთვის“, - ყვება ნიკოლოზ გამყრელიძე.

მისი თქმით, გაცნობიერებული facebook-განცხადების შემდეგ, ის სამართლიან კრიტიკას მშვიდად იღებდა.

„ყველა ადამიანს პატივს ვცემ და ყველა ადამიანს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, ჩემთვის ეს არანაირ დისკომფორტს არ იწვევს, მით უმეტეს თუ გასაკრიტიკებელი ხარ, რაღაც დონეზე“, - ამბობს ის.

ნიკოლოზ გამყრელიძე ჰოსპიტალიზაციის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ იქ გატარებული დრო საქმისთვის გამოიყენა, თუმცა ეს არ იყო მარტივი.

„მარტივი არ არის 10 მ2-იან ოთახში ჯდომა, გასვლის საშუალება არ გაქვს, ბუნებრივია. ამას იდეაში გიმსუბუქებენ ის ძალიან მაგარი ექიმები და სამედიცინო პერსონალი... იმხელა შემართებაა მათში და ისე მაგრად იბრძვის ეს ხალხი რომ საამაყონი არიან... ძალიან ბევრი საქმე მქონდა და მაგით ვირთობდი თავს.

მე და ამირანი (გამყრელიძე) ვნერვიულობდით იმაზე, რომ მეორეს არ ენერვიულა (იგულისხმება, რომ ერთმანეთზე ნერვიულობდნენ). ჩემმა მეუღლემ ინერვიულა, ბუნებრივია; უფროსი ბავშვები რაღაცას მიხვდნენ; რაც შეეხება პატარას, მე ძალიან ბევრი მივლინება მიწევს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და დღემდე ჰგონია, რომ საზღვარგარეთ ვიყავი, რომ მირეკავდა შენთან დღეა თუ ღამეაო, მეკითხებოდა. ძალიან გაუხარდათ რომ დავბრუნდი, თუმცა ჯერ გამოკეტილი ვარ და ვერ ვნახულობ. კლინკაში დახურული ფანჯრიდან ეზოში ველაპარაკებოდი ტელეფონით. ერთხელ იყო მამაჩემიც და ფანჯრიდან ქუჩაში ველაპარაკე 10-15 მეტრის დისტანციით“, - იხსენებს ამირან გამყრელიძის შვილი.

ნიკოლოზ გამყრელიძე იგივე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი #10 საზოგადოებას ურჩევს, დაიცვან არსებული წესები.

„ჩემი შემთხვევა იმის ძალიან კარგი მაგალითია, რა მარტივად გადამედო მე და ყველას შეიძლება დაემართოს ეს, თუ არ დავიცავთ იმ წესებს, რა წესებიც არის და რა წესებიც უნდა დავიცვათ ყველამ. იმ 2-3 დღეში ვაპირებდი ჩემი ბებიის მონახულებას, რომელიც ასაკოვანია და ქრონიკული დაავადებების მქონეა და შეიძლება მომეკლა ბებია. ერთი რამ ვისწავლე, ყველა ვართ თანაბრები. ვირუსმა არ იცის არც რეგალია, არც თანამდებობა, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც კანის ფერი -  არაფერი. კარგი გამოცდილება იყო, შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ კარგი გამოცდილება იყო, რომელიც მომეხმარება მეც და ვეცდები, რომ სხვასაც მივეხმარო ეს გამოცდილება ისე გაიზიაროს, რომ ვირუსი არ დაემართოს“, - ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.