მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე რა გავაკეთო? მაჟორიტარებმა რა გააკეთონ, რომ ვაქცინაციის მხრივ წინ წავიდეთ? - კოვზანაძე გაბუნიას

616d5b2401f00
ინგა მურუსიძე
18.10.21 15:30
827
რა უნდა გავაკეთოთ საფინანსო სექტორმა, პარლამენტმა, ეროვნულმა ბანკმა, დეპუტატებმა იმისთვის, რომ ვაქცინაცია გააქტიურდეს? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.

„მე რა გავაკეთო? მაჟორიტარმა დეპუტატებმა რა გააკეთონ? რამე ხომ არ არის საჭირო დამატებით? ეროვნული ბანკია, უზარმაზარი სახელმწიფო კორპორაციები, რა შეიძლება ფინანსურმა სექტორმა გააკეთოს, რომ ვაქცინაციის კამპანია გააქტიურდეს? ინფიცირება უკვე 5 000-სზე ავიდა კიდევ. რა გავაკეთოთ, რომ ამ მიმართულებით გავაქტიურდეთ, საფინანსო, არასაფინანსო, კორპორატიულ სექტორში, რომ სწრაფად წავიდეთ წინ?“, - მიმართა გაბუნიას ირაკლი კოვზანაძემ.

გაბუნია პროცესების დასაჩქარებლად გადაწყვეტის ორ გზას ასახელებს. აქედან ერთი ე.წ  მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება და ასევე მოქალაქეებზე პოზიტიური გავლენის მოხდენაა.

„ჯერ კიდევ არის 30%-იანი რესურსი, რომ ადამიანები პოზიტიური ზეგავლენით აიცრებიან, ხოლო შემდეგ უნდა დავიწყოთ მუშაობა მწვანე საშვის მექანიზმზე“, - უპასუხა გაბუნიამ კოვზანაძეს.

დეპუტატის კიდევ ერთ ჩაკითხვაზე, ხომ არ არის საჭირო, დიდმა კორპორაციებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა დიდმა ორგანიზაციებმა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, თანამშრომლებს მეტი პირობა შეუქმნან, რომ აიცრან და ზოგადად რა მდგომარეობაა როგორც საბანკო, ისე სხვა დიდ ორგანიზაციებში ვაქცინაციის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მათ აღრიცხვას, მაგრამ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რომ მივაკითხოთ ადგილზე და მათთვის ვაქცინაცია კომფორტული გავხადოთ. ბიზნესის მხრიდან თავდაპირველად აქტიური იყო კომუნიკაცია, თუმცა ახლა ეს ინტერესი მინელდა“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის კითხვაზე, რატომ არ არის აქტიური ვაქცინაცია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის 3 მიზეზი დაასახელა.

„ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდში და უკვე მილიონი ადამიანია აცრილი 1 დოზით, ხოლო 902 660 ადამიანია აცრილი ორი დოზით. ეს არის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის ნახევარზე ოდნავ მეტი. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვაქცინის მიწოდება ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე მოთხოვნა, ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის, აცრის ცენტრებიც არის.

თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან აცრების მაჩვენებელი შემცირდა და შეიძლება ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს - პირველი - საინფორმაციო უზრუნველყოფაა საჭიროა, თუმცა ჩვენი საინფორმაციო კამპანია უფრო მეტად ნეგატიურ მესიჯებზე იყო დაყრდნობილი, ვიდრე პოზიტიურზე, ნაცვლად იმისა, რომ სტაბილურად და თანმიმდევრულად გაგვევრცელებინა ინფორმაცია, რომ აცრა სიკეთის მომტანია, ხშირად ამ ტიპის კამპანიას ფარავს პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები - გაფუჭდა, ჩაიშალა, დაგვიანდა. ეს ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი მოქალაქეებისთვის დამაბნეველია.

მეორე მიზეზი არის მარტივად მოგვარებადი - ზოგიერთ რაიონში ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. ანალიზის საფუძველზე იკვეთება რაიონები, სადაც ვაქცინაცია იყო სწრაფი - ბათუმი, საჩხერე, ქუთაისი, ამბროლაური, ფოთი, ლანჩხუთი და ზუგდიდი, სადაც სამიზნე მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. კრიტიკული ფაქტორი რაიონებში არის ის, თუ რამდენად კარგად იმუშავა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ტრანსპორტირება უზრუნველყო თუ არა, რამდენად ჰქონდა მოსახლეობას მხარდაჭერა თავისი სოფლის თემისგან და ა.შ. ერთ-ერთი გამოსავალი ვაქცინაციის გააქტიურებისთვის იქნება სოფლის დონეზე ვაქცინაციის გააქტიურება. დღეს დაიწყო მარათონი, რაც მოგვცემს საშუალებას, გაააქტიურდეს კამპანია.

მესამე არის მწვანე საშვის მექანიზმის საკითხი. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას, თუმცა ასევე ადამიანის უფლებაა, როცა ღონისძიებაზე მიდის, დაცული იყოს ვირუსისგან. ვგეგმავთ იმსჯელონ, როგორ იქნება ყველაზე ეფექტიანი მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება, გამომდინარე უფლებრივი საკითხების დაცვიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით 80% მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ ჩვენ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა შეზღუდვების გარეშე.