მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე ხმა მივეცი ბევრ იურისტს, ცოტა სპორტსმენს, ცოტა ქალს და ერთ არტისტს - ეკატერინე ციმაკურიძის ბლოგი

5fd0fa9f4a83c
ეკატერინე ციმაკურიძე
09.12.20 22:00
1671
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეჯამებულია და ცნობილია ახალი პარლამენტის შემადგენლობა. რამდენად წარმომადგენლობითი და პროფესიონალი პარლამენტი მივიღეთ დღეს, განაპირობებს იმას, თუ როგორ შეძლებს ახალი პარლამენტი განსაზღვროს ქვეყნის პოლიტიკა და გააკონტროლოს მისი შესრულება ხვალ.

რომელი სფეროები და საზოგადოებრივი ჯგუფებია წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში?

ახალ პარლამენტში საკმარისზე მეტად არიან წარმოდგენილი იურისტები. პარლამენტის წევრთა მესამედზე მეტი იურისტია. სხვა პროფესიები მხოლოდ მცირედით ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი. არასაკმარისადაა წარმოდგენილი ქვეყნის ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი და პრობლემური სფეროები, როგორებიცაა ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება. რუსული ოკუპაციისა და რეგიონში არსებული კონფლიქტების მიუხედავად, პარლამენტში ვერ მოხვდნენ უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები.
პარლამენტართა პროფესიებში არსებული მკვეთრი დისბალანსი მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პარტიები პარტიულ სიებს არ ადგენენ და ამომრჩეველს არჩევანს არ სთავაზობენ ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

ახალ პარლამენტში უზრუნველყოფილია საზოგადოების მდიდარი ფენის წარმომადგენლობა. 103 წევრიდან, რომელთა შესახებ ხელმისაწვდომია ინფორმაცია, 13-ის დანაზოგი მილიონ ლარს აჭარბებს. ეს თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, რომ არა გაუმჭვირვალე ლობირების შემთხვევები, რაც წინა მოწვევის პარლამენტში დაფიქსირებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით ახალი მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლობირების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უნდა გახდეს.

აღნიშნულის საპირწონედ, სასურველი იქნებოდა პარლამენტში ასევე წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პედაგოგების, მუშათა, თუ საზოგადოების სხვა ფენები.

ახალ პარლამენტში რეგიონული წარმომადგენლობის ნაკლებობაა. 105 დეპუტატიდან, რომელთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი, სულ მცირე 93 თბილისის მაცხოვრებელია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში მცხოვრებთა ინტერესები და პრობლემები ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში. აღნიშნულის საპასუხოდ მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება. რეგიონული წარმომადგენლობის გაზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის.

ქალები პარლამენტში არასაკმარისად არიან წარმოდგენილი. 150 პარლამენტის წევრიდან მხოლოდ 30 ქალია. გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებამ მცირედით გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ პარტიებმა თავიანთ პარტიულ სიებში შეიყვანეს ქალების მხოლოდ ის მინიმალური რაოდენობა, რაც კანონით მოეთხოვებოდათ, არც ერთით მეტი.

საინტერესოა  პარლამენტის იმ წევრების წარსული საპარლამენტო აქტიურობა, რომლებსაც აქვთ დეპუტატად ყოფნის გამოცდილება. 150-დან ასეთი 60 წევრია. აქედან 8-ს არასოდეს ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო 27-ს ჰქონდა არაუმეტეს 10 საკანონმდებლო ინიციატივისა, მაშინ როცა დარჩენილი პარლამენტის წევრები მკვეთრად უფრო აქტიურად ეწეოდნენ საკანონმდებლო საქმიანობას. პასიურ პარლამენტის წევრებს არც საზედამხედველო კუთხით უფიქსირდებათ წარსულში საქმიანობის გამოცდილება.

ახლადარჩეული პარლამენტის წევრებიდან ყოველი მესამე არ ყოფილა საზოგადოებრივად აქტიური. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის უცნობია მათი ხედვები და დამოკიდებულება ქვეყნისთვის და ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხზე, ხოლო მათი აქტიურობა საჯარო ინტერესებისა და საჯარო სიკეთის სასარგებლოდ არ დასტურდება.