მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს - ჩხენკელი

6103b154bb3c8
ინგა მურუსიძე
30.07.21 12:19
639
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.

მინისტრის თქმით, სამინისტროს ათწლიანი გეგმით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით, ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. „იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“, - თქვა მან.

მინისტრი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს.

„დაინერგება პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი. მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას“, - განაცხადა ჩხენკელმა.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლების საშუალებებსა და მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დაინერგება ციფრული და შერეული სწავლების მიდგომები, ასევე გაგრძელდება სახელოსნოებისა და პრაქტიკული სასწავლო სივრცეების მოდერნიზაცია.