მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედიააკადემიის“ საქმიანობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში გამჭვირვალე არ არის - მედიის უფლებები

611cbfe047b4e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 13:52
774
„მედიააკადემიის“ საქმიანობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში გამჭვირვალე არ არის - ამის შესახებ საკონსულტაციო სააგენტო „მედიის უფლებების“ მიერ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული „მედიააკადემიის“ მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

საკონსულტაციო სააგენტომ „მედიის უფლებები“ მიერ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული „მედიააკადემიის“ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი 2021 წლის 13 ივლისი - 13 აგვისტოს პერიოდს მოიცავს და “მედიის უფლებები” კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation - ის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ „მედიააკადემიის“ საქმიანობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში გამჭვირვალე არ არის. კონკრეტულად კი ორგანიზაციის თაობაზე დეტალური მონაცემების დაზუსტების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფმა როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე ა(ა)იპ “მედიააკადემიას” მიმართა და ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

„ცნობილი გახდა, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 11 თანამშრომელი. გარდა ამისა, მედიაკრიტიკის მიმართულებით სხვადასხვა პერიოდულობით მუშაობს 14, ხოლო მედიალაბის მიმართულებით - 4 მოწვეული ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის ჯგუფიც ეცადა მიეღო შრომითი ხელშეკრულებები (პერსონალურ მონაცემთა დაცვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, პირის იდენტიფიკაციის გარეშე, დაშტრიხული სახით), ოფიციალური წერილით გვეცნობა, რომ “თანამშრომლები სამუშაოს ასრულებენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც გაწერილია მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო. შრომითი ხელშეკრულებები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც მათი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს” თუმცა დანართის სახით მოგვეწოდა ამონარიდები თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებიდან.

“Მედიალაბთან” დაკავშირებით ა(ა)იპ “მედიააკადემიამ” Მონიტორინგის ჯგუფს აცნობა, რომ ამ პლატფორმაზე დასაქმებულია 4 ადამიანი. Რაც შეეხება Პროექტს „ონლაინმასტერკლასი“ - “ხარჯი ჯამურად იყო 33,976.23 ლარი. ეს თანხა მოიცავს აუდიოვიზუალური პროდუქციის შექმნას, ლოკაციების ქირაობას, გრაფიკულ მომსახურებას, მუსიკალურ ლიცენზიებს, ავტორების ჰონორარებს და სხვა. Სასწავლო მასალის ფარგლებში ჯამურად მომზადდა 35 ვიდეოლექცია. ინფორმაცია ავტორების მიერ მიღებული ჰონორარის შესახებ პერსონალური მონაცემია და მისი დამუშავება (მათ შორის, გაცემა) შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის) საფუძველზე. ეკატერინე ბერიძემ და თამთა სანიკიძემ გაწეულ მომსახურებაში ჰონორარის აღებაზე უარი განაცხადეს. დანარჩენი ავტორების ჰონორარი ჯამურად შეადგენს 5000 ლარს”, - ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

„მედიის უფლებებში“ აღნიშნავენ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, ეკა ბერიძისა და თამთა სანიკიძის მიერ გაწეულ მომსახურებაში ჰონორარის აღებაზე უარი თქმის დამადასტურებელი დოკუმენტები ა(ა)იპ “მედიააკადემიას” ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია.

გარდა ამისა, საკონსულტაციო სააგენტომ კომისიიდან მედიააკადემიის ფინანსური მაჩვენებლებიც გამოითხოვა. მათი ცნობით, ა(ა)იპ “მედიააკადემიის” დაფინანსების მთავარი წყარო დამფუძნებლის - კომუნიკაციების კომისიის შენატანებია. კომისიის ბიუჯეტიდან გაღებული თანხების ოდენობა კი წლების მიხედვით შემდეგი ოდენობისაა: 2018 წელი - 501, 34671 ლარი; 2019 წელი - 2 469,751.50 ლარი; 2020 წელი - 3, 092.809; ლარი; 2021 წელი - 3,133,291 ლარი.

„კომისიის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 3,133,291 ლარია გამოყოფილი მედიაწიგნიერებისთვის. აქედან, უშუალოდ ა(ა)იპ “მედიააკადემიის” ხარჯები - 2,464,033 ლარია, 669,258 ლარი კი განსაზღვრულია მედიაწიგნიერებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მონიტორიგის შედეგებით ირკვევა, რომ ა(ა)იპ„მედიააკადემია“ განთავსებულია კომუნიკაციების კომისიის შენობაში (იმავე შენობის 12-13 სართულები), რისთვისაც კომუნიკაციების კომისიამ 2018 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით იჯარის ხელშეკრულება შპს “ჯეო რეალ გრუპთან” ს/კ 406040546 გააფორმა და დროებით სარგებლობაში 903 კვ ფართი თვეში 5 373 დოლარად მიიღო.

შპს “ჯეო რეალ გრუპის” დირექტორი და 50% წილის მფლობელი კი კომუნიკაციების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანია.