მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ფასები გააზრებულად უნდა დარეგულირდეს, ქვეყანას ხედვა უნდა ჰქონდეს - წერეთელი

61dd51c7cb8c7
ელენე გოგბერაშვილი
12.01.22 10:15
576
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტს ამუშავებს, რომელმაც კომპანიებისთვის თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. მიზანი მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამ პროცესს წინ უძღოდა კონკურენციის სააგენტოს მომზადებული დასკვნაც, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა.სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში, რომელიც ჯამში 13 რეკომენდაციას მოიცავს, საუბარია მედიკამენტების ფასწარმოქმნის რეგულირებაზეც, რაზეც მსჯელობა, საააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, პირველი რიგის (გენერიკული ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა) რეკომენდაციების შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.

ფასწარმოქმნის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევას ემხრობა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ქართველი მრჩეველი. ზაზა წერეთელი მედიკამენტების ფასების რეგულირებას მიესალმება და ნორვეგიის მაგალითზე ხსნის, რა პრინციპით მუშაობს ეს მოდელი.

„მედიკამენტების ფასების რეგულირება უნდა მოხდეს გააზრებულად, სისტემურად და ისე, რომ ქვეყანას ჰქონდეს ხედვა, როგორ აკეთებს ამას. ნორვეგიაში ყოველ წელს ხდება ფასების ანალიზი. ნორვეგია ადარებს წამლების ფასებს სხვა ქვეყნების ფასებს და ცდილობს ქვეყანაში წამლის ფასი არ იყოს იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაშია. იღებენ ევროპის 3 ქვეყანას, სადაც ყველაზე ძვირი, იაფი და საშუალო ფასია წამლებზე, გამოჰყავთ საშუალო ფასი ნორვეგიისთვის და ამ საშუალო ფასს აწესებენ. წლის ბოლოს ისევ ხდება ანალიზი ანუ სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და წამლის ფასი არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ქვეყანამ დააწესა;

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, ლაპარაკი იმის შესახებ, რომ წამლები გაიაფდება, ძნელია, რადგან მთელს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. ახალი წამლების გამოგონებას ხომ სჭირდება უამრავი თანხა?! როცა ფარმაკომპანიების თანხები იხარჯება კლინიკურ კვლევებში და ა.შ. წარმოუდგენელია იმ კომპანიამ თქვენ იაფად მოგყიდოთ ეს წამალი, რადგან მასაც სჭირდება თანხები განვითარებისთვის, ანუ ასე ხელის მოსმით წამლები ვერ გაიაფდება, მაგრამ თუ სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც არეგულირებდეს ფასებს, კარგია“, - აცხადებს ზაზა წერეთელი.

Bm.ge-სთან საუბარში ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თურქეთის „გახსნის“ და ამ ბაზრიდან საქართველოში იაფი მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სიიაფე არ ნიშნავს ხარისხს, ამიტომ ნებისმიერი მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს, უნდა აკმაყოფილებდეს ევროპის და ზოგადად, მსოფლიოს აღიარებულ ხარისხობრივ სტანდარტებს.

„თუ ეს დაცულია და მაინც იაფია, კი ბატონო, რა სჯობს... ხარისხის მკაცრი კონტროლია ის მიზეზი, რომ წამლები ძვირია; მედიკამენტების წარმოება ასე ადვილი არ არის“, - ამბობს წერეთელი.