მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე უარი დაახლოებით 8 კომპანიას უთხრეს

5e803cc08a8e6
BM.GE
29.03.20 11:04
1908
ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ 23 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოდან სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეიზღუდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს ექსპორტიორთა კონკრეტული შემთხვევების შესასწავლად შექმნილი ჯგუფის ზედამხედველობა დაევალა.
ზაალ კაპანაძემ იმ მექანიზმზე ისაუბრა, რომლითაც ხდება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტზე გაშვება, ან შეზღუდვა.

„მექანიზმი არის ასეთი - მედიკამენტები, რომლებიც უნდა გავიდეს ექსპორტზე კონცერტრირდება საბაჟოზე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გვიგზავნის ოპეარტიულ ჯგუფს ინვოისებს, სადაც არის ამ პროდუქტების ჩამონათვალი. ოპერატიული ჯგუფი, ეყრდნობა რა ინფექციონისტების, ექიმების, სპეციალისტების დასკვნას, სწავლობს ამ ჩამონათვალს და იღებს გადაწყვეტილებას მოხდეს თუ არ მოხდეს მედიკამენტების ექსპორტი.

მოგეხსენებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ სპეციალური აღჭურვილობის დეფიციტი შეგვექმნა. შესაბამისად იმისთვის, რომ არ შეიქმნას მედიკამენტების და აღჭურვილობის დეფიციტი მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება“, - განმარტა ზაალ კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტების სია განსაზღვრული არ არის და მედიკოსები ამას თვითონ, ობიექტური გარემოებების საფუძველზე, წყვეტენ.

„ეს ჯგუფი იმისთვის არის შეკრებილი, რომ მათ უნდა განსაზღვრონ ყოველი კონკრეტული შემთხვევა. ახალი კორონავირუსი მეცნიერებს ბოლომდე შესწავლილი არ აქვთ, შესაბამისად არ ვიცით კიდევ რა სახის გართულებები შეიძლება ჰქონდეს მას, სწორედ ამიტომ მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ რომელი მედიკამენტის ექსპორტი შეიძლება ჩაითვალოს ნებადართულად და რომელი არა. კონკრეტული მედიკამენტები იმიტომ არ იყო განსაზრვრული, რომ ჩარჩოში არ ყოფილიყო ჩასმული მედიკამენტები, რომ სპეციალისტებს გაერკვიათ კიდევ რომელი შესაძლო მედიკამენტები შეიძლებოდა დასჭირვებოდათ ქვეყანაში და არ შექმნილიყო დეფიციტი“, - ამბობს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი.



სააგენტოს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში მარაგებიც შეიძლება არ იყოს იმის გარანტორი, გავა თუ არა ამა თუ იმ დასახელების სამედიცინო პროდუქცია ექსპორტზე.

„რაც შეეხება მარაგებს, მდგომარეობა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მარაგების განსაზღვრის საკითხიც რთულდება“, - თქვა ზაალ კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე, დაახლოებით, 8 კომპანიას ეთქვა უარი.