22.იანვარი .2022 18:00

მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნა ბიზნესის ინიციატივა იყო - ნინა კობახიძე

მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნა ბიზნესის ინიციატივა იყო - ნინა კობახიძე
views 1374
უკან

საქართველოში 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული გახდა.

პრემიერმა გასულ კვირაში მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში აქამდე არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდება, თუმცა არც პრემიერ და არც ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს უთქვამთ კონკრეტულად იქნება თუ არა საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული წამლები ისეთივე იაფი, როგორც დღეს თურქეთშია. პასუხი არ გაცემულა არც იმ კითხვაზე, ბაზარზე თურქეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული წამლები გაიყიდება თუ არა. იმის გამო, რომ თურქეთის „გახსნის“ საკითხზე ბევრი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა იყო, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს განცდა დარჩათ, რომ შესაძლოა მედიკამენტები საქართველოში თავად სახელმწიფომ შემოიტანოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანმა თქვა, ორ ქვეყანას შორის ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტის დროს იყო განხილვის საგანი, თუმცა მას შემდეგ პანდემიის დაწყებამ ეს პროცესი შეაფერხა.

მანამდეც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად თურქეთიდან წამლების იმპორტის დაშვებას ითხოვდა როგორც კერძო სექტორი, ისე პერიოდულად ამაზე საუბრობდნენ პოლიტიკოსებიც. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანადცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ  თურქეთის ბაზრის დამატება იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც საქართველოში აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტები შემოდის, კერძო სექტორის ინიციატივა იყო, რომელიც დეკემბერში პრემიერ ღარიბაშვილსა და ბიზნესს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა.

„იმ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, თუ რა გამოიწვევდა წამლების გაიაფებას. ჩვენ მივაწოდეთ პრემიერს დაახლოებით 200 დასახელების მედიკამენტის სხვაობა, რა ღირს საქართველოში და რა ღირს თურქეთში. ამას რა თქმა უნდა თავისი ახსნა აქვს. თურქეთი არის უდიდესი შემსყიდველი ამ მედიკამენტების, შესაბამისად მწარმოებლები ცდილობენ შედარებით ნაკლებ ფასად მიაწოდონ თურქეთს ისინი. ჩვენ თუ გადავალთ რაღაც ტიპის კონსოლიდირებულ შესყიდვაზე შეიძლება ჩვენც მივიღოთ, როგორც სახელმწიფომ სხვადასხვა მედიკამენტები ფასდაკლებით, თუმცა თურქეთიდან წამლების შემოტანაში არ მონაწილეობს სახელმწიფო. ისევ ბიზნესი მოახდენს აღიარებითი რეჟიმით შემოტანას.

ეს არის ბიზნეს პროცესი და იქ თუ ღირს პირობითად რომელიღაც აფთიაქში მაგალითად ქსარელტო X თანხა, ჩვენთან ღირდა აქამდე 3 X თანხა. შესაბამისად იმის შემოტანა იქაური ფასთაწარმოქმნით გამოიწვევს დაახლოებით 100%-იან ფასდაკლებას ამ კონკრეტულ მედიკამენტზე“.

კითხვა: თურქეთის დასუბსიდირებული წამლები შემოვა?

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენი იმპორტიორები ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს ფარმაცევტულ სექტორს, რადგან ონკოლოგიური, კარდიოლოგიური დაავადებების უძვირესი დანიშნულების მედიკამენტები ერთჯერადი ინვოისით აქამდეც შემოჰქონდათ. საკმაოდ მაღალი იყო ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე. თუ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ დასუბსიდირებული წამლები შემოვა, თუ მწარმოებლის მიერ მიწოდებული... თურქეთს აწოდებს მწარმოებელი ბევრად იაფად წამალს, რომელიც ჩვენ უფრო ძვირად გვაქვს, იმიტომ რომ თურქეთი არის უფრო დიდი შემსყიდველი. თუ ის წამალი პირდაპირ ჩვენთან შემოვა, მსხვილი მწარმოებლების ღელვის გარდა, რომ კონკრეტულ ფასებს დაკარგავენ, სხვა აღქმა არ მაქვს.

მსხვილი დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენ მიმზიდველი და იაფი შეიძლება ვერ გავხდეთ რიცხოვნობიდან გამომდინარე ბევრი წელი, მაგრამ ასეთი ნაბიჯები, როგორიცაა თურქეთის გახსნა, ერთიანი შესყიდვები სხვადასხვა მედიკამენტზე, თუ ეს საკითხი დადგა, გამოიწვევს გაიაფებას.

სახელმწიფომ სწრაფად გააკეთა ის, რომ თურქეთი იქნა აღიარებული ქვეყანა, თავის დროზე ჩაიკეტა იმიტომ, რომ ხარისხთან დაკავშირებული კითხვები ჩნდებოდა. დღეს ვფიქრობ, აღარ არის მაღალი რისკის შემცველი. არ გვაქ საფუძველი, რომ ფალსიფიცირების თემა იყოს მომეტებული რისკი“.

კითხვა: რა ფასი ექნება საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს?

„იმაზე მეტად იაფი, ვიდრე დღეს საქართველოში შემოდიოდა. მწარმოებლის და იმპორტიორის უნარზეა დამოკიდებული, როგორ მოელაპარაკება, რა ფასდაკლებით შემოიტანს. პსპ, ავერსი, ჯიპისისთვის ეს მარტივია, რადგან ხედავენ მედიკამენტებზე რა გაყიდვები აქვთ მთელი წლის განმავლობაში. შეიძლება ყველაზე მსხვილი 100 დასახელების მედიკამენტი წამოიღონ. ბიზნეს ასოციაციიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები“-აცხადებს ნინა კობახიძე.